ილია დარჩიაშვილი: ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის დელეგაციამ კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გზავნილი მოგვცა, რომ უნგრეთი მომავალშიც იქნება საქართველოს გულშემატკივარი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე

ილია დარჩიაშვილი

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყველა ის რეფორმა, რომელიც გატარდა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისთვის და მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ, ემსახურება ერთ მთავარ მიზანს, რომ არა მხოლოდ საქართველოა დაინტერესებული გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ჩვენ გვინდა, რომ სწორედ ამ რეფორმებით მიღებული შედეგები გახდეს მიზეზი იმისა, რომ როგორც ბრიუსელისთვის, ისე ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქებიდან საქართველო იყოს მიმზიდველი და ეს უნდა იყოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. მხედველობაში მაქვს ჩვენი ქვეყნის საბოლოო ევროპული ინტეგრაცია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო იყოს ეკონომიკურად ძლიერი, განვითარებული, საქართველოში რეფორმები შეუქცევადად ტარდებოდეს, რომელიც ჩვენ აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო წევრობამდე.

რაც შეეხება პიტერ სიიარტოს, ის არის ერთ - ერთი გამორჩეული მხარდამჭერი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მომესმინა მისი ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები პარტნიორებთან, როდესაც ჩვენ გვქონდა ღია დისკუსიები.

ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას და სწორედ ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის დელეგაციამ კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გზავნილი მოგვცა, რომ უნგრეთი მომავალშიც იქნება საქართველოს გულშემატკივარი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.