გვაქვს ინფორმაცია, რომ არალეგიტიმურად, კონსტიტუციის მიღმა აპირებდა დაენიშნა არჩევნები, ეტყობა აუხსნეს, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა მძიმე შედეგებით და გადაიფიქრა - თენგიზ შარმანაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

თენგიზ შარმანაშვილი

ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის გეგმებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ოპოზიციისგან განსხვავებული მოლოდინები აქვთ - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ გეგმებს მომავალში ვერანაირი განვითარება ვერ ექნება.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, მანამდე პრეზიდენტი გეგმავდა არალეგიტიმურად და კონსტიტუციის მიღმა დაენიშნა არჩევნები, თუმცა გადაიფიქრა.

"ბრიფინგზე უკვე განაცხადა და თქვა, რომ ახლა ჩვენ ახალი ეტაპი დაგვიდგა, თითქოს აქამდე არ უხსენებია. ამ ძველ ეტაპებს მერე რატომღაც ახალ ეტაპებს ეძახიან, იმის არ იყოს, ორშაბათიდან გაგაცნობთ ჩვენს გეგმასო და ეს ორშაბათი იმდენი დადგა, რომ ვეღარ გავიგეთ მათი გეგმა რაში მდგომარეობს.

ისევ დაიწყებს ლაპარაკს ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ამას დააფუძნებს იმ ცრუ ნარატივს, თითქოს ეუთო/ოდირის დასკვნა არის სამართლებრივი საფუძველი ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და იტყვის, რომ აი ხალხო, ხომ ხედავთ არ ესმის ამ ჩვენს ხელისუფლებას და მოდი იქნებ თქვენთან ერთად გავაგონოთ ეს ხმა.

ჩვენ ვიცით, რომ უარესს აპირებდა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არალეგიტიმურად და კონსტიტუციის მიღმა დაენიშნათ თავისით არჩევნები, მერე პრემიერმაც აღნიშნა, ეტყობა ვინმე ჭკვიანიც ჰყავს გარემოცვაში და აუხსნა, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა ძალიან მძიმე შედეგებით და ეს გადაიფიქრა. ერთიღა დარჩენია, რომ ვითომ ხალხს მოუწოდოს, რომ იქნებ ჩვენ ყველამ ერთად ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხმა, რომ დანიშნოს ეს არჩევნები, ანუ ზეწოლის ახალ ფორმაზე საუბრობს. რა თქმა უნდა, მას არავითარი განვითარება არ ექნება", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მესამე სექტორთან და ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შემდეგ თქვა, რომ გამოსავალი ახალი არჩევნებია, თუმცა მანამდე მხარდამჭერებს რუსთაველზე მისვლისკენ მოუწოდა.