1757269592
გურამ მაჭარაშვილი - გუშინდელი აქციით მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ უცხოური ძალა არ ისვენებს, მას აქ ჰყავს თავისი აგენტურა, რომელსაც სურს რადიკალური პროცესები, ეს ყველაფერი ფინანსდება უცხოეთიდან

გუშინდელი აქციით მორიგ ჯერზე დადასტურდა ის, რასაც წლებია, ვსაუბრობთ, რომ უცხოური ძალა არ ისვენებს. მას აქ ჰყავს თავისი აგენტურა, რომელიც ასევე არ მალავს, რომ უცხოური ძალის წარმომადგენლობაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებას გამოეხმაურა.
„საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვთ და, სამწუხაროდ, რადიკალურ პროცესებს აფინანსებენ. უცხოურ ძალას აქაც ჰყავს დასაყრდენი, რისი ერთ-ერთი მორიგი მტკიცებულებაა გუშინდელი აქცია. პირდაპირ გამოწვევაზე იყო ხალხი. იციან, რომ გინებას, შეურაცხყოფას ბუნებრივად მოჰყვება რეაქცია. მიზანმიმართულად სურთ რადიკალური პროცესები. სურთ, არიონ ვითარება, ძალადობრივი, რევოლუციური პროცესები იყოს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ფინანსდება უცხოეთიდან, ეს არის უკვე ხელისგულზე. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ვინც შეურაცხყოფას აყენებდა შტაბის წევრებს, ამ ხალხის სახით, რეალურად, ყველა ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი აყენებდა შეურაცხყოფას ქართულ საზოგადოებასაც და იმ ხალხს, ვინც იქ იყო. ვინც აფინანსებს, რეალურად, ის ქმნის სურათს. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ მე ვაფინანსებ რომელიღაც დაჯგუფებას, რომელიც მივარდება ნებისმიერ პიროვნებას, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, აყენებს შეურაცხყოფას. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, წყარო ვარ მე. ჩემი სურვილი რომ არ იყოს, ასეთ ადამიანს ხომ აღარ დავაფინანსებ? ანუ, რა გამოდის, რეალურად, გერმანიის, სხვა ქვეყნების საელჩოები, ევროკავშირის საელჩო იდგა გუშინ იქ და პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფას აყენებდა კახი კალაძის შტაბის წევრებს და ზოგადად, საზოგადოებას. ეს არის რეალობა. ეს გვინდა ავუხსნათ ქართულ და მსოფლიო საზოგადოებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.