გურამ მაჭარაშვილი: გახარია ორჯერ იყო საგამოძიებო კომისაზე და ვერც ერთხელ პასუხი ვერ გასცა იმას, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 20 ივნისის მოვლენებზე. მოუწევს პასუხების გაცემა ახლა უკვე შესაბამის უწყებებში

გურამ მაჭარაშვილი

გახარია ორჯერ იყო საგამოძიებო კომისაზე და ვერც ერთხელ პასუხი ვერ გასცა იმას, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 20 ივნისის მოვლენებზე, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, თავის დროზე გახარიამ აიღო პასუხისმგებლობა და ამბობდა, რომ ის იყო ყველაფერზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე, მაგრამ შემდგომ გადათქვა, მათ შორის კომისიაზე.

„ახლა რას იტყვის არ ვიცი. რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს, აქაც კომისიაზე რამდენჯერმე ვკითხეთ, ის მოქალაქეები, ვინც იქ ცხოვრობენ, ისინი ამბობენ, რომ ამ საგუშაგოს ჩადგმის შემდგომ უფრო გართულდა სიტუაცია, ვიდრე იყო მანამდე. ამაზეც, რა თქმა უნდა, პასუხი არ იყო. ამიტომ, მოუწევს პასუხების გაცემა ახლა უკვე შესაბამის უწყებებში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. საქმე ეხება ჩორჩანის ეპიზოდს. გახარიას ბრალი ორ საქმეზე წარედგინა, კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.