გურამ მაჭარაშვილი: ევრო ბიუროკრატიის მიზანი არის, რომ ჩინეთი ან აზიის ქვეყნები საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან კი არ მივიდნენ სასაუბროდ, რომ საქართველოზე რამ გაიაროს და როგორ წავიდეს ევროპაში, არამედ მივიდნენ ევრო ბიუროკრატიასთან, რომ მათ გადაწყვიტონ საქართველოში რა გაივლის და რა არა. ეს არის მიზანი

გურამ მაჭარაშვილი

გეოგრაფიულად საქართველო არის უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი ამ შუა დერეფანში. ევროპამ ეს ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევრო ბიუროკრატიამაც, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატიის მიზანი არის, რომ ჩინეთი ან აზიის ქვეყნები საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებასთან კი არ მივიდნენ სასაუბროდ, რომ საქართველოზე რამ გაიაროს და როგორ წავიდეს ევროპაში, არამედ მივიდნენ ევრო ბიუროკრატიასთან, რომ მათ გადაწყვიტონ საქართველოში რა გაივლის და რა არა. ეს არის მიზანი.

„როდესაც ჩინეთთან ექნება ევროკომისიას საუბარი, აზიის ქვეყნებს ექნებათ ევროპასთან საუბარი, ევრო ბიუროკრატიას სურს, რომ „საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა კი გჭირდება შენ, მაგრამ ჩემთან უნდა მოხვიდე“.

მას საქართველოს მოსახლეობა არ აინტერესებს, მას აინტერესებს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა და ეს უკვე პირდაპირ გამოჩნდა, როდესაც არაერთხელ იყო მცდელობა, რომ საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი პროცესები დაეფინანსებინათ და ბოლომდე მიეყვანათ. თქვეს კიდეც, რომ „სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ომს დაიწყებდა, თქვენ ამის თავი არ გაქვთ“. სააკაშვილი ვისი ინტერესების გამტარებელია ეს ყველამ ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა ასევე ისაუბრა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობის დატვირთვაზეც.

„ჩვენ დღეს რასაც ვხედავთ მსოფლიოში, პრაქტიკულად უნდა გავაანალიზოთ, რომ შეიცვალა ურთიერთობების ფორმატი. დიპლომატია გვერდზეა გადადებული და პირდაპირ ძალმომრეობა მიდის, ვის უფრო მეტი ძალა ექნება, მეტი გონიერება ეყოფა, პრაგმატულ პოლიტიკას ვინ ბოლომდე გაატარებს და ა.შ.

ბუნებრივია, რომ საქართველოს სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს ის პრაგმატული პოლიტიკა, რასაც აქამდე საქართველოში მოაქვს მშვიდობა. მშვიდობას მოაქვს ეკონომიკური აღმავლობა და ა.შ. ეს პოლიტიკა დღევანდელ არეულ მსოფლიოში არის ყველაზე სწორი პოლიტიკა, რასაც ჰქვია პრაგმატული პოლიტიკა და ამას ვერ ასცდება ევრო ბიუროკრატია. მათ ეს არ გაუჭირდებათ, ისე მშვენივრად ჩამოვლენ, ჩამოართმევენ ხელს ხელისუფლების წარმომადგენლებს და დაიწყებენ საუბარს, მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს“, - განმარტა გურამ მაჭარაშვილმა.

✕