გურამ მაჭარაშვილი აშშ-ში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების სრულ შემოწმებაზე: “ეს არის ცელის გამოსმა პირდაპირი გაგებით უცხოური ძალისთვის“

გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის ორი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელების განცხადება უცხოური ძალებისთვის ცელის გამოსმის ტოლფასია, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში.

მაჭარაშვილის განმარტებით, ეს სიტყვები ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს რომ არ ეკუთვნოდეთ, საქართველო ხელისუფლებას დააბრალებდნენ.

“თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი და ეს იყო აუცილებელი - წაიკითხოს ტრამპის ადმინისტრაციის ორი დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელის განცხადება. ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი ტრამპის ადმინისტრაციაში პირდაპირ ამბობს, რომ ძნელია არ დაინტერესდე ამერიკის მთავრობის მიერ გადარიცხული თანხებით არასამთავრობო ორგანიზაციებში, რადგან ამერიკელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალობას თუ სად წავიდა ეს თანხები. ამას დაეთანხმა ტრამპის ადმინისტრაციის მეორე დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი ილონ მასკი და მან ასევე დაადასტურა, რომ ამერიკელი ხალხისთვის გამჭვირვალობა აუცილებელია. ეს სიტყვები რომ არ ეკუთვნოდეს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაგვაბრალებდნენ, რომ ჩვენი სიტყვები იყო. ეს არის ზუსტად ცელის გამოსმა პირდაპირი გაგებით უცხოური ძალისთვის, როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში. ამიტომაც არის, რომ ბოლო კუდს იქნევენ“. - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.