გრიგოლ გეგელია: მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი გავაორმაგეთ, რადგან პოლიტიკის ჭეშმარიტებაა, რომ ადგილობრივი არჩევნები ედარება წინა ადგილობრივ არჩევნებს

გრიგოლ გეგელია

მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი გავაორმაგეთ, რადგან პოლიტიკის ჭეშმარიტებაა, რომ ადგილობრივი არჩევნები ედარება წინა ადგილობრივ არჩევნებს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე მიღებულ შედეგს არ იმსახურებდა.

„ჩვენი პროცენტი გავაორმაგეთ, რადგან პოლიტიკის ელემენტარული ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ადგილობრივი არჩევნები ედარება წინა ადგილობრივ არჩევნებს, ხოლო საპარლამენტო – საპარლამენტოს. ცივილიზებულ მსოფლიოში საპარლამენტო არჩევნებსა და თვითმმართველობის არჩევნებს არავინ არ ადარებს, მათ შორის არც საქართველოში, ამას აკეთებენ მხოლოდ დემაგოგები. არ შეიძლება, რომ დაბალი აქტივობის არჩევნები მაღალი აქტივობის არჩევნებს შეადარო. ამიტომ უნდა შევადაროთ 25 და 21 წლის არჩევნები, საპარლამენტოს შემთხვევაში კი 24 და 20. თუ ჩვენ 2021 წლის შედეგებს შევხედავთ, ვნახავთ რომ 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, უზარმაზარი გაყალბების, მოსყიდვისა და ანტიკამპანიის მიუხედავად, რაც სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილმა აწარმოა, ჩვენი მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი გავაორმაგეთ“, – განაცხადა გეგელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ლელო – ძლიერი“ საქართველო 4 ოქტომბრის არჩევნებზე მიღებულ პროცენტულ შედეგს იმსახურებდა თუ არა, გეგელიამ აღნიშნა, რომ ამ შედეგს არ იმსახურებდნენ.

„რა თქმა უნდა, ამ პროცენტს არ ვიმსახურებდით, არჩევნები იყო გაყალბებული. იყო მასობრივი მანიპულაცია, ნაწილი ჩემს ოლქში მეც ვნახე. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, „ქართული ოცნების“ მანიპულაციურმა ხრიკებმა ვერ გამოიღოს მათთვის სასურველი შედეგი. რა არის მათთვის სასურველი შედეგი? ის, რომ ამ ქვეყანაში მოკვდეს პოლიტიკა, აღარ იყოს პარტიები, არც პოლიტიკური პროცესი და არც რაიმე, რაც ივანიშვილის რეჟიმს ამხელს. მე არასოდეს არ გავაკეთებ იმას, რაც სურს ივანიშვილს“, – აღნიშნა გეგელიამ.