ვერიკო ტურაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1770291587
ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპულ კავშირს ნახევარ საუკუნეზე მეტია, აქვთ ახლო სტრატეგიული ურთიერთობა. ისინი არიან ამ ურთიერთობის გადახედვის და ბევრი კუთხით გაუმჯობესების ფაზაში. აქ ვერაფერს საგანგაშოს ვერ ვხედავ, ამერიკას და ევროპას არ გაუჭირდებათ ერთმანეთთან გარკვევა, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის შესახებ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
გეგელიას თქმით, ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობების ნაცვლად, უმჯობესია კონცენტრაცია იმაზე, საით მიემართება საქართველო.
„სჯობს, ჩვენ კონცენტრირდეთ იმაზე, საქართველო საით მიემართება. თუნდაც სომხეთის და აზერბაიჯანის კვალდაკვალ ის იყოს სამშვიდობო ხელშეკრულებებში ჩართული, იყოს ახალი ტიპის სატრანზიტო გზის ერთ-ერთი თანაშემოქმედი, საქართველო არის იზოლირებული, ჩაძირული, ეკონომიკურად და სოციალურად უპერსპექტივო ჭაობად გადაქცეული. სჯობს, ამაზე ვკონცენტრირდეთ და არა ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობებზე, რომელიც მერწმუნეთ, ფანტასტიკურად დალაგდება. არც ამერიკას და არც ევროპულ კავშირს არაფერი გაუჭირდება და ქართველი ხალხი არის უბედურ მდგომარეობაში ჩავარდნილი. ჩემი მთავარი ინტერესია, ქართველი ხალხი დღეს როგორ ცხოვრობს და რა გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ ყველანი ერთად, იდიოტებით ხელისუფლებაში და ამ არნახული, არანორმალური კანონმდებლობით, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში, არასდროს არცერთ ხელისუფლებას არ უკადრებია ხალხისთვის.
ჩვენ გვინახავს არაერთი ავტოკრატიული მისწრაფება, გვინახავს სააკაშვილი, გვინახავს იქამდე ლიდერები, არცერთს არ გაუბედავს ამ მასშტაბის არანორმალური თავხედობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რაღაც სრულ ანომალიაში ვართ და სჯობს, ამ ანომალიას დავარქვათ სახელი, ამერიკა და ევროპული კავშირი როგორღაც მონახავენ საერთო ენას. ამერიკა რას იტყვის ევროპაზე, ეს არის ამერიკის და ევროპის საქმე, ქოცური პროპაგანდა ამას ვერ გამოიყენებს, არ შევარგებთ ქოცურ პროპაგანდას, რომ ამერიკის და ევროპის პოლემიკა, მცდარი თუ სწორი, გამოიყენოს სათავისოდ, რადგან ქოცებთან და ქოცურ არარაობა რეჟიმებთან ეს არანაირ კავშირში არ არის. პროპაგანდაა, რომ ახლა ამერიკა ამბობს რაღაც კრიტიკულს, ამერიკა და ევროპა მოუვლიან საკუთარ თავს, ჩვენ მივხედოთ „ქოცებს“, რომლის პირობებში თქვენ ცხოვრობთ სიღარიბეში, უპერსპექტივობასა და წუმპეში. ამას უნდა ერქვას სახელი, ჩვენ ვცხოვრობთ დღეს წუმპეში, სადაც დაგვცინიან ყოველდღიურად, სადაც ტროტუარზე დგომა არის უკვე აკრძალული, სადაც სიტყვების ხსენების აკრძალვა უნდათ წერა-კითხვის უცოდინარ იდიოტებს პარლამენტში. ამას უნდა ერქვას პირდაპირ სახელი, ეს ხდება ჭავჭავაძის, თაყაიშვილის და გამსახურდიას ქვეყანაში. ქართველისთვის ეს თუ მისაღებია, ჩემთვის ძალიან ბევრი პრობლემით ხასიათდება“, – აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, „ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში“. ამის შემდეგ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში გაიმართა მოსმენა სახელწოდებით: „ევროპული საფრთხე ამერიკაში სიტყვის თავისუფლებისა და ინოვაციისთვის: ნაწილი 2“. მოსმენას უძღვებოდა კონგრესმენი ჯიმ ჯორდანი, რომელმაც განაცხადა: „ევროკომისია ცდილობს გამოხატვის თავისუფლების ცენზურას და არჩევნებში ჩარევას მთელ მსოფლიოში, ახლა ევროპელები ცდილობენ, დამალონ ის, რასაც აკეთებენ“.