გლდანის რაიონის გამგეობამ მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან სკვერისა და სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განახორციელა

გლდანის რაიონის გამგეობა

გლდანის რაიონის გამგეობამ მეშვიდე მიკრორაიონის N10 კორპუსთან, დაახლოებით 1500 კვ.მ ფართობზე, სკვერისა და სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი და ფიტნეს ზონა, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 350 000 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე ადგილზე გაეცნო.

,,ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია რაიონში მწვანე სივრცეების შექმნა, განსაკუთრებით კი, ისეთი სივრცეების, რომელიც მრავალფუნქციური იქნება და ჩვენს უბანს კიდევ მეტ სიცოცხლეს შემატებს. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველგან, სადაც შესაძლებელია ახალი მოსასვენებელი სივრცის მოწყობა, პრიორიტეტად დავისახოთ, გავამწვანოთ და მოსახლეობისთვის სასარგებლო სივრცედ ვაქციოთ. ამასთან, ძველ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არსებულ სკვერებსა და პარკებს კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება, რათა სრულიად ახალებური იერსახე შევძინოთ‘‘, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.