გივი მიქანაძე: USAID-ის მიერ, თითქმის 42 მილიონი დოლარი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით იყო გამოყოფილი. აშშ-ს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ არეულობა და გარკვეული საპროტესტო ფონი შეექმნათ

გივი მიქანაძე

მას შემდეგ, რაც ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, დასტურდება, რომ კონკრეტული დონორების მხრიდან მიზანმიმართულად ხდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების, მათ შორის პოლიტიკურად აფილირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მრავალმილიონიანი დაფინანსება, რომელთა მიზანი იყო საქართველოში რევოლუციური სცენარი წარმართულიყო, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ ლეგიტიმური გზით არჩევნებს სასურველი ძალები ვერ მოიპოვებდნენ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

„ჩვენ ვნახეთ, რომ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თითქმის 42 მილიონი დოლარი მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით იყო გამოყოფილი USAID-ის მიერ. აშშ-ს ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ეს იყო გამიზნული იმისთვის, რომ არეულობა და გარკვეული საპროტესტო ფონი შეექმნათ. ჩვენ ამას ვამბობდით, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვცდილობდით საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი წარმოგვეჩინა და ახლა უკვე აშშ-ს ახალმა ადმინისტრაციამ ეს ყველაფერი საჯაროდ გამოიტანა.

კიდევ ერთხელ მტკიცდება, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გასულ წელს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. სწორედ ამ ფარული დაფინანსებებისა და დაგეგმილი აქტივობების საჯაროდ გამოტანა იყო მიზანი ამ კანონის, რომელსაც ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, მათთან პირდაპირ კავშირში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები და მათი მხარდამჭერები და პატრონები საზღვარგარეთიდან“,- აღნიშნა გივი მიქანაძემ.