1000 ლარი ოჯახებს მერიისგან - ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
1769634041
მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე და ხარისხობრივად ამაღლებაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას.
გივი მიქანაძის თქმით, მათი გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება იმ პროცესზე, რომლის მთავარი მიზანია ხარისხის ამაღლება.
„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი, აქტუალური თემაა და მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს ამის თაობაზე. მოგეხსენებათ, რომ გასული წლის ბოლოს ჩვენ წარვადგინეთ ორი უმნიშვნელოვანესი რეფორმის კონცეფცია, როგორც უმაღლესი განათლების, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით. ორივე ეს კონცეფცია განხილვების შედეგად დამტკიცდა მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. ახლა ჩვენ უკვე გადავდივართ აქტიურ, მნიშვნელოვან ფაზაში, მის აღსრულებასთან დაკავშირებით.
გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია ჯერ კიდევ დეკემბრის პირველ რიცხვებში დამტკიცდა, ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, რომ პირველი საკანონმდებლო ცვლილებები აგვესახა, რომელიც შეეხებოდა ბაკალავრიატის სამწლიან, მაგისტრატურის 1+1 სისტემას და სხვა მიმდინარე საკითხებს. ახლა ჩვენ გადავდივართ იმ აქტიურ ფაზაზე, რომელიც შემდგომ პროცესებთან არის დაკავშირებული.
მოგეხსენებათ, რომ კონცეფციის ფარგლებში ჩვენ გამოვყავით ორი ძირითადი ჰაბი, თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით. ვთქვით, რომ გვექნება ამ ქალაქების სახელმწიფო უნივერსიტეტებში ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპი. ჩვენ მთელი დეკემბრის განმავლობაში გვქონდა 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეხვედრა, სადაც დეტალურად მიმოვიხილეთ ის საქმიანობა, ის მიღწევები, რომლებიც ამ უნივერსიტეტებს აქვთ კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით. ასევე, კიდევ ერთხელ ვნახეთ სად გვაქვს დუბლირებები და იმ პრინციპიდან გამომდინარე, რასაც ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ჰქვია, როგორ შეიძლებოდა რომ ეს მიმართულებები გადანაწილებულიყო.
ჩვენ გვქონდა აქტიური განხილვები მთელი იანვრის განმავლობაში. ვიხილავდით იმ საკითხებს, რომლებიც ეხებოდა ამ უნივერსიტეტების შემდგომ განვითარებას. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა და ამ ეტაპზე ფაქტობრივად უკვე დასრულებულია ბაზრის კვლევა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩვენი ჩართულობით, მონაწილეობით განახორციელა კვოტების დადგენასთან მიმართებაში. ამ განხილვების შედეგად, ასევე რექტორებთან გვქონდა კონსულტაცია, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ორი ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტი რეორგანიზაციის შედეგად გაერთიანდებიან ერთ მთლიან დიდ უნივერსიტეტად, რომელიც ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელის ქვეშ იფუნქციონირებს.
მთელი ეს პროცესი ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, ხარისხის ამაღლებაზე, ხარისხის უზრუნველყოფაზე, კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის ფუნქციების კიდევ უფრო გაზრდაზე და ხარისხობრივად ამაღლებაზე. ამ კუთხით ჩვენ ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი რესურსი ორივე უნივერსიტეტში როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით. მათი გაერთიანება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად აისახება იმ პროცესზე, რომლის მთავარი მიზანია ხარისხის ამაღლება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.