1784279625
ცოტნე კობერიძე: როცა ვა ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა - მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს
მთავარი ბლეფი არის ის, რომ არჩევნებზე გასვლა ყველას უნდა, მაგრამ ამას ყველა ჩუმ-ჩუმად ცდილობს - მიხეილ სააკაშვილმა კი ყველაზე მეტი ნებელობა გამოიჩინა და აქტიური კამპანია დაიწყო, - აცხადებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ცოტნე კობერიძე.
კობერიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ალიანსს მიდგა და დაშალა“.
„მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ 2028 წლის არჩევნებში მთავარი სუბიექტი თვითონ იყოს. ეს გადაწყვეტილება მან გაზაფხულზე მიიღო. ამის შემდეგ გააქტიურდა და პარტია „ახალს“ დაუპირისპირდა. გადაწყვიტა: ჩემი ოქრო ჩემთან - რა ხმებსაც წართმეულად თვლის, მის დაბრუნებას თვლის საჭიროდ, ხოლო ხმებზე დარდობ მაშინ, თუ თვლი, რომ არჩევნებზე გახვალ.
ადმინისტრაციული ჯარიმების ნაწილში პატარა სასამართლო პროცესები მქონია. იქ ერთი გადახვეული სიტყვა რომ მეთქვა, მოსამართლის შენიშვნას მივიღებდი. მიხეილ სააკაშვილს შესაშური “სპიჩები“ აქვს. რომ იყოს გადაწყვეტილი, რომ ამ კაცს ამდენი არ უნდა ვასაუბროთ, სასამართლოში ამის უფლებას არ მისცემდნენ“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
კობერიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი და ინსტიტუციებზე უარის თქმა შეცდომა იყო. როგორც მან ამ კონტექსტში განმარტა, თუ ოპოზიცია ვერ ახერხებს იმას, რომ ძალაუფლება ერთ თვეში აიღოს ხელში, ამის შემდეგ პოლიტიკური პროცესი სუსტდება.
„ზოგადად, პოლიტიკა ციკლურია. როდესაც ინსტიტუციურ პოლიტიკაზე უარს ამბობ, დაგიდგება მომენტი, როცა ცხელი და ემოციური ფონი აღარ იქნება. ამის მერე პოლიტიკა ჭირს. როცა ვა-ბანკზე წახვალ და მთელს ფსონს ბოიკოტზე დადებ, ეს არის ქართველი პოლიტიკოსების გემბლინგობა და ამან არ გაამართლა.
ზოგადად, პოლიტიკას აცოცხლებს, როცა ის ინსტიტუციებში რუტინულად არსებობს ან თუ არ არსებობს, არჩევნების დროს ცოცხლდება. ახლა როცა საპრეზიდენტო არჩევნები ამოგდებულია და ის პირდაპირი წესით აღარ არსებობს, აღმოაჩენ, რომ ადგილობრივ არჩევნებსა და უახლოეს საპარლამენტო არჩევნებს შორის სამი წელია. იქამდე პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მუდმივად იტყუება, რომ ვადამდელი არჩევნები იქნება. ამით გადარჩენას ცდილობენ“, - განაცხადა ცოტნე კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“.











