გივი მიქანაძე: Julius Baer-ში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა საბანკო ოპერაციების განხორციელება. 29 აპრილს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ ამხილა „დიფ სთეითი“, როგორც საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი. ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ცალსახად იკვეთება ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა

გივი მიქანაძე

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და შვეიცარიული ბანკის დავასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, Julius Baer-ში გარკვეულ პერიოდამდე ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება, ხოლო ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც 29 აპრილს საყოველთაო სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა ღიად და საჯაროდ, ამხილა „დიფ სთეითი“ როგორც საქართველოს შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული.

„ალბათ გარკვეულ ქრონოლოგიას უნდა მივყვეთ. გადარჩენილი აქტივები, როგორც ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები გვამცნობენ, გადატანილ იქნა შვეიცარიულ ბანკში Julius Baer-ში და ფაქტობრივად ამ ბანკთან პრობლემები გარკვეულ პერიოდამდე არ იყო, ჩვეულებრივად ხორციელდებოდა გადარიცხვა და სხვადასხვა საბანკო ოპერაციების განხორციელება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. თუმცა თუკი ქრონოლოგიას მივაყოლებთ თვალს, გახსოვთ, რომ გასული წლის 29 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ რუსთაველის გამზირზე დააანონსა და ჩაატარა საყოველთაო სახალხო შეკრება, რომელმაც სრული ლეგიტიმაცია მისცა და მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მმართველ გულს, „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებასთან და „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის“ მიღებასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ეს პროცესები ახსოვს და ამ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა. მან მიმართა სრულიად საქართველოს, მთელ საზოგადოებას და მან ღიად და საჯაროდ, როგორც მას სჩვევია, ამხილა „დიფ სთეითი“ როგორც ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ძალიან უხეშად ჩარევის არაერთი მცდელობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ეს არის წარმონაქმნი, რომელიც ძალიან გავლენიანი პირებისგან არის დაკომპლექტებული და ასევე ისაუბრა იმის თაობაზე, როგორ ცდილობს „დიფ სთეითი“ ჩაითრიოს საქართველო ომში და აქვს მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო ინსტიტუტებზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებით ღიად გაჟღერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დავა საარბიტრაჟო სასამართლოებში მოიგო, თავის აქტივებთან დაკავშირებით, „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის გარკვეული მითითებებით ხდებოდა ამ ყველაფრის დაბლოკვა.

„29 აპრილის შემდეგ, ძალიან მალევე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი ჯიმ ობრაიენი, რომელიც გახლავთ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და აზიის საკითხებში და მან შეხვედრები გამართა საქართველოში და მან გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ არასწორი იყო საუბარი „დიფ სთეითის“ შესახებ და უფრო მეტიც, მან უკმაყოფილება გამოთქვა პარტიის საპატიო თავმჯდომარის მხრიდან და პარტიის ლიდერების მხრიდან „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე. ანალოგიური განცხადებები კეთდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან დახურულ შეხვედრებზე და არა მარტო მისგან, სხვა უცხოელი მაღალი რანგის წარმომადგენლების მხრიდან. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკვე ამ ვიზიტების და ამ განცხადებების შემდეგ, ცალსახად იკვეთება მეორე შვეიცარიული ბანკის მხრიდან გარკვეული ფინანსური ოპერაციების დაბლოკვა შეზღუდვა, რომელმაც სისტემატური ხასიათი მიიღო და რეალურად ადამიანი, რომელიც ფლობს საკუთარ აქტივს და სურს, რომ განკარგოს ეს აქტივი, იმიტომ, რომ ეს მის ნება სურვილზეა დამოკიდებული, ეს უფლებები არა მარტო „კრედიტ სუისისგან“, უკვე ამჯერზე Julius Baer-ისგან შეეზღუდა და ჩვენ ვნახეთ როდესაც სრულიად უსამართლოდ, უსაფუძვლოდ და მიზანმიმართულად, ორმაგი სტანდარტებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს დაუწესდა ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან სანქციები, იქ უკვე ღიად იყო გაჟღერებული და მინიშნებები, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დავა საარბიტრაჟო სასამართლოებში მოიგო თავის აქტივებთან დაკავშირებით „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ, ფაქტობრივად გამოვლინდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის გარკვეული მითითებებით ხდებოდა ამ ყველაფრის დაბლოკვა და ამის გაჟღერება მოხდა საჯაროდ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ქართველი ხალხის ინტერესები მისთვის არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და არანაირი ფინანსური აქტივების თუ სხვა მატერიალური კეთილდღეობის კონტექსტში, ის არასოდეს არ გადადგამს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ნაბიჯს. „საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები კიდევ ვერ ჩასწვდნენ ბიძინა ივანიშვილის ხასიათს და ბუნებას. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ საჯაროდ და ღიად განაცხადა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები მისთვის ყოველთვის იყო, არის და იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი და არანაირი ფინანსური აქტივების თუ სხვა მატერიალური კეთილდღეობის კონტექსტში, ის არასოდეს არ გადადგამს საკუთარი ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯს“, - აღნიშნა მიქანაძემ.