გიორგი ყარყარაშვილი გია ბარამიძეს მიმართავს: აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე

 გიორგი ყარყარაშვილი

აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე, - ასე მიმართავს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გიორგი ყარყარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს გია ბარამიძეს.

„ერთადერთი მიზეზი რის გამოც პოლემიკაში ჩავერთე იყო ის, რომ სრული სურათის არცოდნას სინამდვილე არ დაემახინჯებინა და არა ოცნებასთან ჩემი სიახლოვეზე რეაქცია. ან სად ნახა ეს სიახლოვე, სადმე რომელიმე აქტივობაში მივიღე მონაწილეობა, თუ რაიმე პრივილეგიით ვსარგებლობ?

1.2 მილიონ მოქალაქეს შორის ამომრჩევლობა, თუ არის სიახლოვე, მაშინ ოდესღაც მათთანაც მაკავშირებდა ასეთი სიახლოვე. მაგრამ 2005 წლიდან თავადვე მოახდინეს საზოგადოების პოლარიზება და მიუღებელ, არასასურველ პირად მაქციეს.

როდესაც ბოდიში მოიხადა, ჩავთვალე, რომ ჩემი მისია შევასრულე, და ამ აჟიოტაჟში მეტ ჩარევას არ ვაპირებდი. რადგან მე არ ვუერთდები ვეტერანთა ერთი ჯგუფის საჩივარს. სამწუხაროდ როცა შემდგომი განცხადებები ვნახე მივხვდი, რომ ვერაფერი მან ვერ გაიგო.

ამჯერად პირდაპირ მივმართავ.

გია, შენ არ იცი რა გრძნობაა ომში ძმის ან ოჯახის წევრის დაკარგვა და ტყუილად საუბრობ მათ მაგივრად. მე ვარ ერთ-ერთი, ვისაც ომში ძმა მომიკლეს. გავბოროტდი? გამიჩნდა შურისძიების და მტრობის განცდა? კითხე სხვებსაც ომში დაღუპული ოჯახის წევრებსაც, მათგან გსმენია სიძულვილისა და მტრობის განცდა? ამიტომაცაა რომ ჩემს წიგნში „სამშობლოს ამარა“, აფხაზებს ყველგან მოწინააღმდეგეებად მოვიხსენიებ და არა მტრებად.

ვერ გრძნობ, რომ ეს უკვე სანახაობად გადაიქცა, რომლითაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნენი ტკბებიან. აღიარე, რომ შეგეშალა, მოიხადე ვაჟკაცური ბოდიში ყველანაირი გამონაკლისების გარეშე. თქვი, რომ მართლა არ იცნობდი რეალობას ან წაიკითხე ჩემი წიგნი („სამშობლოს ამარა“). და თავადვე დარწმუნდები, რამდენი რამ არ გცოდნია ტყვეების აყვანისა და მათი გათავისუფლების შესახებ“, - წერს ყარყარაშვილი.