გიორგი ვოლსკი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე: არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით ან ისეთ პოლიტიკურ პოზიციას ვიკავებთ, რომ საყვედური არ მივიღოთ. ეს არის ჩვენი ხედვა

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი გაეროში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გამოეხმაურა. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ რეზოლუციისადმი მიერთებით საქართველომ უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

„როდესაც უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით ან ისეთ პოლიტიკურ პოზიციას ვიკავებთ, რომ საყვედური არ მივიღოთ. ეს არის ჩვენი ხედვა, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და არავითარ შემთხვევაში ეს არ უნდა ავურიოთ იმ პოლიტიკურ განზომილებაში, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ომთან დაკავშირებით, საქართველოს გადარჩენის თემასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, მთელი რიგი ჩამონათვალია რეზოლუციების, ოფიციალური დოკუმენტების, სადაც მყარი პოლიტიკური პოზიცია გამოვავლინეთ“, - აცხადებს ვოლსკი.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია „უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მხარდაჭერა“ მიიღო, რომელსაც მხარი 107- მა წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა, მათ შორის საქართველომ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უნგრეთმა კი კენჭისყრის დროს თავი შეიკავეს.