1783629516
გიორგი ვოლსკი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე
ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ მედიასთან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას.
„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ზუსტად ასახავს იმ პრობლემას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს და არა მარტო საქართველოში. ნებისმიერ სასამართლოში, სადაც კანონი კანონობს, ასეთი შეურაცხყოფა განიხილება როგორც ფსიქოლოგიური ტერორის გარკვეული სახე. საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ასეთი აუტანლობა, სიტყვიერი შეტევები, გამოხატვის თავისუფლება არის განზრახ ორგანიზებული“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სლოვენიის სასამართლოს გადაწყვეტილება განიხილა. ლუბლიანის საოლქო სასამართლომ მოსარჩელე დამნაშავედ ცნო შეურაცხყოფის ორი და ცილისწამების ერთი ეპიზოდისთვის და სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, დაკისრებული სასჯელის სახე და ზომა წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პროპორციულობის შეფასებისას.სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ იყო.












