გიორგი ვაშაძე: მივმართავ ყველა პოლიციელს, სპეცრაზმელს, გადმოდით ხალხის მხარეს, დამიკავშირდით პირადად მე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პასუხისმგებლობა არ შეგეხოთ

გიორგი ვაშაძე

მივმართავ სამართალდამცავი უწყების ყველა წარმომადგენელს, პოლიციელს, სპეცრაზმელს, გადმოდით ხალხის მხარეს, გაემიჯნეთ ამ სისტემას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ მათი უფლებები იყოს დაცული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

„მივმართავ სამართალდამცავი უწყების ყველა წარმომადგენელს, პოლიციელს, სპეცრაზმელს, ყველ იმ ადამიანს, ვისაც აძლევენ დანაშაულებრივ ბრძანებას, რომ დაასახიჩრონ ადამიანები, გადმოდით ხალხის მხარეს! გაემიჯნეთ ამ სისტემას! შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადად მე და სრულად დაგეხმარებით, რომ თქვენი უფლებები იყოს დაცული ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პასუხისმგებლობა არ შეგეხოთ, ხალხი დაიცავს თქვენს ინტერესებს, ჩვენ დავიცავთ. სპეციალური ჯგუფი გვაქვს ამისთვის და დავიცავთ თქვენს ინტერესებს. სანამ დროა, გადმოდით ხალხის მხარეს და თავიდან აირიდეთ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებლად დაეკისრება ყველა მოძალადეს, ვინც დაასახიჩრა ახალგაზრდები, ადამიანები და ვინც პოლიტიკურ დევნას ახორციელებს სამართალდამცავი ორგანოების სახელით, რეალურად კი, თვითმარქვია რეჟიმის დავალებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.