1769975663
გიორგი სიორიძე: „გრანტების შესახებ“კანონში ცვლილებით ყველას შეიძლება შეეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები, პოლიტიკური საქმიანობის უფლება, გამოხატვის, სიტყვის თავისუფლება
„გრანტების შესახებ“კანონმდებლობის ცვლილება არის სწორედ ის შედეგი, რომელზეც საზოგადოებას ვესაუბრებოდით ორი-სამი წლის წინ, რომ ეს იყო რუსული გზის გამეორება. იმ გზის, რომელიც პუტინის რუსეთმა გაიარა 2012 წლიდან, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს ფინანსური რეპრესიების მსხვერპლი“.
„ივანიშვილის საქართველოში ყველაფერი დაჩქარებული წესით გვხვდება. ადრე მოქალაქეების იმ ნაწილს, რომლებიც პროპაგანდით იკვებებიან და პროპაგანდით იქმნიან წარმოდგენას რეალობაზე, თუ სჯეროდა, რომ ამას მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ექნებოდა მავნე შედეგი, ალბათ ახლა დარწმუნდნენ, რომ თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ჰყავს ოჯახის წევრი მაგალითად, უცხოეთში, საიდანაც უგზავნიან სარჩოს, თანხას. 3,3 მეათედი მილიარდი არის ყოველწლიურად საზღვარგარეთიდან გზავნილები საქართველოში. ყველა ადამიანი შეიძლება გახდეს ახლა ამ ფინანსური რეპრესიების მსხვერპლი. ყველას შეიძლება შეეზღუდოს ფუნდამენტური უფლებები, როგორიც არის პოლიტიკური საქმიანობის უფლება, გამოხატვის, სიტყვის თავისუფლება. ამავდროულად, ფარისევლობაა, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერები, კობახიძე, პაპუაშვილი, სამხარაძე და სხვები, მოდიან არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორიდან, არამედ, მათივე გაგებით, გაცილებით უფრო დიდი საფრთხიდან, როგორიც არის საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები. მაშინ თურმე კარგ საქმეს აკეთებდნენ და დღეს აღმოჩნდა, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩამრევი, მავნებლური ორგანიზაციები ყოფილან. ალბათ ამან მაინც უნდა გამოაფხიზლოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის რუსული გზა“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.










