გიორგი შარაშიძე: პარტიებთან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, არანაირ თანამშრომლობას და გაერთიანებას არ ვაპირებთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს

გიორგი შარაშიძე

პარტიებთან, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში, არანაირ თანამშრომლობას და გაერთიანებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავად „ქართული ოცნება“ ხარჯავს დიდ რესურსს, რათა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ.

„4 ოქტომბერს ვიხილეთ სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რამაც არ გააძლიერა ოპოზიცია, სამწუხაროდ, ერთადერთი, ვინც გააძლიერა, ისევ არის „ოცნება“ და მისი ავტოკრატიული რეჟიმი. ახლა ამ პარტიებთან ერთად, ვინც პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდნენ ამ სპეცოპერაციაში, ჩვენ არანაირ თანამშრომლობას, ერთ მაგიდასთან დასხდომას და გაერთიანებას არ ვაპირებთ. მეტსაც გეტყვით, თავად „ოცნება“ ხარჯავს დიდ რესურსს, რომ ყველა ერთად გაერთიანდეს. ჩვენ ამ საჩუქარს „ოცნებას“ ნამდვილად არ გავუკეთებთ, რადგან დღეს თუ ვინმეს უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება, ეს თავად „ოცნებაა“. ძალიან კარგად ვიცით, როგორ შეგვიძლია, მათ შორის, „ოცნების“ ელექტორალური დასუსტება ეტაპობრივად და შემდეგ მათი ოპოზიციაში გადაყვანა. ასე რომ, ყველას წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი არჩეული ტაქტიკით,  სტრატეგიით ვაგრძელებთ საქმიანობას“, – განაცხადა შარაშიძემ.