1754511189
გიორგი შარაშიძე: ის ფორმები, რაც რუსთაველზე ვიხილეთ, არ არის სასიამოვნო, ამდენ ბრძოლაში იმიტომ არ ვართ ჩართული, ერთი „ტიტუშკა“ მეორე „ტიტუშკამ“ ჩაანაცვლოს

ის ფორმები, რაც რუსთაველზე ვიხილეთ, არ არის სასიამოვნო, ამდენ ბრძოლაში იმიტომ არ ვართ ჩართული, რომ ერთი „ტიტუშკა“ მეორე „ტიტუშკამ“ ჩაანაცვლოს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია დიალოგი, ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემა, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდი მომხრეა, რომ ნებისმიერი განსხვავებული აზრი იყოს მისაღები. ადამიანებს ჩვენგან რამდენადაც განსხვავებული აზრი არ უნდა ჰქონდეთ, უნდა შევძლოთ კოოპერაცია, საუბარი, თანამშრომლობა. ერთადერთი ვის წისქვილზეც ასხამს წყალს ეს დაპირისპირება და რადიკალიზმი, სწორედ „ოცნებაა“. ის საქციელი, რაც გუშინ რუსთაველზე ვიხილეთ, ბუნებრივია, არ არის მისასალმებელი, მიუხედავად იმისა, ვინ, რას და როგორ ფიქრობს. მთავარია გამოხატვის ფორმა. ყველას გვაქვს ბრძოლის საკუთარი ტაქტიკა. ჩვენს პოლიტიკურ ძალას პირველივე დღიდან აქვს გაცხადებული, რომ მივდივართ არჩევნების გზით, რადგან მიგვაჩნია, რომ არჩევნების გზით შეგვიძლია „ოცნების“ დამარცხება. ვიღაცა სხვანაირად ფიქრობს, მაგრამ მიზანი საერთოა – „ოცნების“ დამარცხება. ყველას მოვუწოდებ, ამ მიზნის გარშემო გავერთიანდეთ. ის ფორმები, რაც რუსთაველზე ვიხილეთ, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. ამდენ ბრძოლაში იმიტომ არ ვართ ჩართული, რომ ერთი „ტიტუშკა“ მეორე „ტიტუშკამ“ ჩაანაცვლოს. ჩვენთვის მთავარია დიალოგი, ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემა, რაც არ უნდა განსხვავებული პოზიცია გვქონდეს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
6 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებსა და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის დაპირისპირება მოხდა.