1788234240
გიორგი შარაშიძე: ღარიბაშვილს თუ ჰგონია, „ჩაშვებების“ სერიით, რომელიც მან დაიწყო, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორ ბინძურ, მოღალატე, კორუმპირებულ და ყველაფრის მკადრებელ პარტიად ჩამოყალიბდა „ქართლი ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ქართველი ხალხის უმრავლესობით მოვიდა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოღალატეობრივ ქმედებებს ადგილი განსაკუთრებით ბოლო ექვსი წლის მანძილზე ჰქონდა.
„ღარიბაშვილს თუ ჰგონია, ამ „ჩაშვებების“ სერიით, რომელიც მან დაიწყო, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას გადაურჩება, ძალიან ცდება. მთავარი ისაა, რომ არა მხოლოდ ღარიბაშვილი, არამედ მდინარაძე და კობახიძე მათ მიერ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო მკაცრად იქნებიან გასამართლებული და დასჯილი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, ამ ხელისუფლების, თუ ახალი ხელისუფლების პირობებში. მათ მკაცრი სასჯელი ქართველი ხალხისგან და მათ მიერ არჩეული ხელისუფლებისგან ელით, ამ სასჯელისთვის სამივე უნდა მოემზადონ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მისი თქმით, იმ პარტიისგან, სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა ყოფილიყო.
„რაც შეეხება „ოცნებაში“ დარჩენილი სხვა წევრები ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, ქართველი ხალხი ვერ ხვდება, რომ იქ ანგელოზი არავინაა – როდესაც მათი ლიდერები ასეთი დამნაშავეები არიან თავად რით განსხვავდებიან. იმ პარტიისგან, სადაც ამდენი აგენტი და ამდენი ყოფილი „ნაცია“, საერთოდ რა მოლოდინი უნდა გვქონოდა? ეს ის სამწუხარო რეალობაა, რასაც ღარიბაშვილის მიერ დაწყებული ჩაშვებების და დასმენების ახალი სერიებით ვხედავთ. რაც შეეხება თვითმკვლელობებს, რა თქმა უნდა, ამას თავისუფალი და სამართლიანი გამოძიება სჭირდება. ერთადერთი, რაც შემიძლია, თვითმკვლელობების შესახებ გითხრათ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაცები“ და „ოცნება“ არა თუ არაფრით განსხვავდებიან, ერთმანეთზე უარესები არიან. კარგად გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მომხდარი არაერთი თვითმკვლელობა თუ მკვლელობა, ამ სიას ემატება „ოცნების“ პერიოდში ასევე გამოუძიებელი და ბურუსით მოცული თვითმკვლელობები. სამწუხარო რეალობაა, ბევრ რამეში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას როგორ აგრძელებს „ოცნება“. „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის უკვე არანაირი სხვაობა არ არის და ისინი ერთმანეთზე უარესები არიან, სამწუხაროდ, ეს თვითმკვლელობებიც არ არის გასაკვირი. რა გზასაც ადგა და რა ხელწერაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, იმავეს „ოცნება“ აგრძელებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.












