გიორგი შარაშიძე: გამოსავალი გირაო კი არ არის, გამოსავალია, რომ პოლიტიკოსმა ყველაფერი გააკეთოს, რათა ხალხთან ერთად დარჩეს, პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერ იმაზე, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება

გიორგი შარაშიძე

გამოსავალი გირაო კი არ არის, გამოსავალია, რომ პოლიტიკოსმა ყველაფერი გააკეთოს, რათა ხალხთან დარჩეს, პასუხისმგებლობა აიღოს ყველაფერ იმაზე, რაც პოლიტიკურ ველზე ხდება, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჩნდება კითხვები პოლიტიკოსების თანმიმდევრულობაზე.

„კითხვები არსებობს და ეს ლეგიტიმური კითხვებია. თქვენ კარგად გახსოვთ რამხელა ამბავი მოჰყვა მაშინ გირაოს არ გადახდას. არ გადახდა განსაკუთრებულ პოლიტიკურ გმირობად, შეირაცხა, არადა ეს არანაირი გმირობა არ იყო, რადგან ეს ადამიანები, რომლებიც დღეს გირაოს არ გადახდის გამო საპატიმროში არიან, 4 ოქტომბერს გარეთ იქნებოდნენ და ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი პოზიცია, რას გააკეთებდნენ, რომ 4 ოქტომბრის ეს უპასუხისმგებლო პროვოკაცია, რომელმაც „ოცნება“ გააძლიერა და ოპოზიცია დაასუსტა, არ მომხდარიყო. შემთხვევით ეს ამ პასუხისმგებლობისგან გაქცევა ხომ არ იყო?! ეს კითხვები არსებობს. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის მასობრივი კამპანია დაიწყო, გახსოვთ მათ მიმართ დასმული ჩვენი საჯარო კითხვა – რა გეგმა ჰქონდათ ბოიკოტის შემთხვევაში? ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. ამიტომ გასაგებია, რომ იმ ვითარებაში მათთვის გირაოს არ გადახდით, ერთის მხრივ, ამის გმირობად შერაცხვით, მეორე მხრივ, პასუხისმგებლობისგან გაქცევით, ეს იყო სწორი გამოსავალი. ძალიან საინტერესოა, რას იზამდნენ ეს ადამიანები საპატიმროში რომ არ ყოფილიყვნენ და ხალხთან ყოფილიყვნენ. აიღებდნენ ამ პასუხისმგებლობას?! ან გააკეთებდნენ რამეს იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ის, რაც მოხდა?“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.