გიორგი შარაშიძე: ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით არ წყდება

გიორგი შარაშიძე

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით არ წყდება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრობლემა და უბედურებაა, რომ „ოცნებას“ სჭირდება, ფოტო ააფრიალოს და რაღაც განსაკუთრებულ მიღწევად გაასაღოს.

„ყოველ წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეა ტარდება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ტრადიციულად, ოფიციალურ მიღებას წევრი ქვეყნების ლიდერებისთვის მართავს. გაერო-ს ტრიბუნაზე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების გამოსვლა არასოდეს დამიკნინებია, არც ამ შემთხვევაში, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ვერც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ, რადგან კარგად ვნახეთ, არცერთი სერიოზული, შინაარსზე და საქმეზე ორიენტირებული შეხვედრა არ შემდგარა. დონალდ ტრამპისთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო. ასეთ დროს, ხელის ჩამორთმევის მომენტში, ვერანაირი განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხები ვერ განიხილებოდა. თავად ფაქტი, რომ „ოცნებას“ ამ ფოტოს ფრიალი სჭირდება, „ოცნების“ კიდევ სხვა პრობლემებზე მიუთითებს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

✕