გიორგი შარაბიძე ცესკოში ინციდენტზე: ძალიან მინდა, რომ საკითხი განხილული იყოს არა მხოლოდ მომხდარი ინციდენტის ფარგლებში, არამედ ერთგვარი პრევენციული სახით და მგონია, რომ ეს არის ადმინისტრაციის სწორი და მართლზომიერი დამოკიდებულება

გიორგი შარაბიძე

ძალიან მინდა, რომ საკითხი განხილული იყოს არა მხოლოდ მომხდარი ინციდენტის ფარგლებში, არამედ ერთგვარი პრევენციული სახით და მგონია, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის სახით სწორი და მართლზომიერი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ „დღის ქრონიკაში“.

მან ისაუბრა ცესკოში ახლახან მომხდარ ინციდენტზე და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მხრიდან მასზე რეაგირების აუცილებლობაზე. კერძოდ, მხოლოდ ინციდენტის შეფასებად რომ არ დარჩეს, არამედ მოჰყვეს სერიოზული გამოხმაურება.

მისივე თქმით, მათ აქვთ თანამშრომლობის კარგი ისტორია არა მხოლოდ აშშ-ის საელჩოსთან, არამედ ზოგადად, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან და საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსთან.

„აქ გაცილებით მნიშვნელოვანია, უკვე მომხდარ ფაქტზე არა მხოლოდ მსჯელობა და შესაბამისი პოზიცია, არამედ მნიშვნელოვანია, პრევენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ერთგვარ პანდორას ყუთს, რადგან თუ ეს ასეთი სტანდარტია, მაშინ ვიღაც მეორე მხარე მოინდომებს, აზრების, არგუმენტების მსჯელობის ნაცვლად გააკეთოს რაღაც მსგავსი და ეს, რა თქმა უნდა, არის გზა არსაით. ამიტომ, აქედან გამომდინარე, საარჩევნო ადმინისტრაციის წუხილი დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამიტომ გვგონია ჩვენ ამ საკითხზე მსჯელობა აუცილებელი და მნიშვნელოვანი. მომავლისთვის ვიცოდეთ ყველამ ერთად, ჩართულმა მხარემ, რომ ამ პოლარიზებულ გარემოში რა არის საარჩევნო ადმინისტრატორის დამოუკიდებლობის დაცვის გარანტია და როგორ უნდა იყოს ის, დაცული შესაბამისი ჩართული მხარეების მხრიდან. ამიტომაც, მგონია, რომ ეს საკითხი აუცილებლად იქნება შესაბამისი მსჯელობის საგანი - მინდა იმედი გამოვთქვა, ამასთან დაკავშირებით და ძალიან მინდა, რომ ეს საკითხი განხილული იყოს არა მხოლოდ მომხდარი ინციდენტის ფარგლებში, არამედ მომავალში ერთგვარი პრევენციული სახით და მგონია, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის სახით სწორი და მართლზომიერი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ“, - აღნიშნა შარაბიძემ.

16 ნოემბერს ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.