ცნობილი პროფესორი გარდაიცვალა

გლოვა

ცნობილი პროფესორი, ზურაბ ჩომახაშვილი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბსუ-ს ასოცირებული პროფესორის, მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ზურაბ ჩომახაშვილის გარდაცვალების გამო.

მას ეკუთვნის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და ოთხი სახელმძღვანელო. იგი იყო აქტიური წევრი სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის, მათ შორის საქართველოს ონკოლოგთა, ჰეპატოლოგთა, ანატომთა და ჰისტოლოგთა საზოგადოებების.

ზურაბ ჩომახაშვილი დაიბადა 1957 წლის 7 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი ქირურგის სპეციალობით. სიცოცხლის განმავლობაში ის მრავალ დარგში წარმატებით მუშაობდა: ქირურგად, გემის ექიმად, მეცნიერ მუშაკად, ხელმძღვანელ პოზიციებზე ჯანდაცვის სისტემაში. მან წარმატებით დაამთავრა კლინიკური ორდინატურა ონკოლოგიაში და დოქტორანტურა - მეანობასა და გინეკოლოგიაში. წლების განმავლობაში ემსახურებოდა პაციენტებს, მეცნიერებასა და მედიცინის განვითარებას.

მნიშვნელოვანია მისი წვლილი განათლებაში - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულ პროფესორად მოღვაწეობისას იგი არაერთ თაობას უზიარებდა ტოპოგრაფიული ანატომიის, ოპერაციული ქირურგიისა და კლინიკური ანატომიის ღრმა, საფუძვლიან ცოდნას.

ზურაბ ჩომახაშვილი ყოველთვის გამოირჩეოდა პიროვნული კეთილშობილებით, გულწრფელობითა და პრინციპულობით. იყო განათლებული, ერთგული, მზრუნველი და უშუალო. კოლეგებისთვის სანდო , მტკიცე და მხარში მდგომი, სტუდენტებისთვის კი შთამაგონებელი და სამაგალითო პედაგოგი. მისი წასვლა უდიდესი დანაკარგია როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე მთელი სამედიცინო საზოგადოებისათვის. ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი, რომელმაც მთელი ცხოვრება ადამიანს და მის სამსახურს მიუძღვნა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, სტუდენტებსა და  საუნივერსიტეტო საზოგადოებას“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.