გიორგი კალანდარიშვილი: ნათელია, რომ ნაკლები პოლიტიკური საბოტაჟის პირობებში საარჩევნო პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად

გიორგი კალანდარიშვილი

 4 ოქტომბრის საარჩევნო პროცესს აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, ცესკომ მორიგი წარმატებული საარჩევნო დღის ადმინისტრირება განახორციელა, რომელიც მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. მისივე თქმით, ცესკომ ყველა საერთაშორისო სტანდარტს უპასუხა, რომელიც დაგეგმარებისა და ორგანიზების მნიშვნელოვან ფაზებს მოიცავს.

„მორიგი წარმატებული საარჩევნო დღის ადმინისტრირება განახორციელა საარჩევნო ადმინისტრაციამ, რომელიც მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა. ნაკლები პოლიტიკური საბოტაჟის პირობებში იმთავითვე ნათელია, რომ პროცესი არის სრულად გამჭვირვალე და პროცესის ადმინისტრირება ხორციელდება მაღალ პროფესიულ დონეზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც ასევე დადასტურდა ქვეყანაში მყოფი საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გაკეთებული წინასწარი შეფასებებით, რომელთა მიხედვითაც არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, გამჭვირვალე, ღია და სრულად პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტს.

საოლქო-საარჩევნო კომისიებში წარდგენილი არის 24 საჩივარი, რომელიც ძირითადად უკავშირდება ფოტო-ვიდეო გადაღების შემთხვევებს, კენჭისყრის გარეთ არსებულ სიტუაციებს და რამდენიმე პროცედურულ საკითხს, რასაც შესაბამისი საოლქო-საარჩევნო კომისიები კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილავენ“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის მასშტაბით, დედაქალაქსა და ყველა რეგიონში მოიგო.