1759659123
რევაზ სოხაძემ ADB-ის მისიასთან ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მოსამზადებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბეარმან ლამი და ბანკის ტრანსპორტის სექტორის მთავარი სპეციალისტი ნიკოლას დეი კასტელი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მაგისტრალური გზების განვითარების ახალი პროექტების განხორციელებისთვის ADB-ის მხრიდან დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობები. მათ შორის, განხილვის მთავარი თემა იყო თბილისის შემოვლითი გზის ორი მონაკვეთის - აეროპორტი-ლოჭინი და ლოჭინი-რუსთავი, ასევე ქობულეთის შემოვლითი მაგისტრალური გზის დამატებითი ორი ზოლის მშენებლობის თანადაფინანსება. დეტალურად იქნა განხილული პროექტების ძირითადი კომპონენტები და განხორციელების ვადები.
განსაკუთრებულად აღინიშნა ADB-სთან პარტნიორობის მნიშვნელობა საქართველოს განვითარების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტზე, რომლისთვისაც სესხის ხელშეკრულებას დღეს ხელი მოეწერება ფინანსთა სამინისტროში.
შეხვედრის მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზდყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო პროექტების განხორციელებაში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეს პეტერსონი.
აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის საქმეში. ბანკთან თანამშრომლობა მოიცავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებას: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობას, სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა.