1745397302
გიორგი კალანდარიშვილი ეუთოს გენმდივანთან შეხვედრაზე: მიმოვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება როგორც 4 ოქტომბრის სამზადისს, ასევე გასული წლის არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომლებიც ინსტიტუციამ დაინახა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოში ვიზიტით მყოფ, ეუთოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განიხილეს როგორც 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისთვის სამზადისთან, ისე გასული წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.
„ეუთოს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის როლი ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ასეთი მაღალი წარმომადგენლობითი პირების ვიზიტი ქვეყანაში. ეს თავის მხრივ, ძალიან ბევრ რამეზე მიანიშნებს და განსაკუთრებით არჩევნებით დაინტერესების საკითხებთან მიმართებაში.
ჩვენ ვმასპინძლობდით ბატონ გენერალურ მდივანს და შესაბამის სპეციალურ წარმომადგენლებს. დეტალურად მიმოვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უკავშირდება როგორც 4 ოქტომბრის სამზადისს, ასევე გასული წლის არჩევნებთან დაკავშირებულ იმ გამოწვევებს, რომლებიც ინსტიტუციამ დაინახა, განვიხილეთ შესაბამისი გადაჭრის გზები, რათა 4 ოქტომბრის არჩევნები არ მოექცეს გარკვეული სპეკულაციების ქვეშ”, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
მან ეუთოს ერთ-ერთი ინსტიტუტის - ოდირის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ეუთო და მისი დამოუკიდებელი ინსტიტუტები სხვადასხვა მიმართულებით, რომელთა შორის არის ოდირი, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ზოგადად გაიზომოს ქვეყანაში არჩევნების ჩატარების ხარისხი. ზოგადად არჩევნების წინ ყველა ჩართული მხარე თანხმდება იმაზე, რომ ოდირის არსებობა ქვეყანაში და მათი დასკვნა იქნება სახელმძღვანელო, იქნება აღიარებულ და გასათვალისწინებელი ყველა ჩართული მხარისთვსის, თუმცა, სამწუხაროდ, არჩევნების შემდგომ სურათი იცვლება და სხვადასხვა ჩართულ მხარისთვის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ხდება მისი გამოყენება.
მაშინ, როდესაც ამ დოკუმენტში ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ინსტიტუცია არის საარჩევნო ადმინისტრაცია, რომლის საქმიანობა როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღესთან მიმართებაში, ადმინისტრირებისა და ორგანიზების ხარისხი ძალიან დადებითად არის შეფასებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ, რომ ყველაფერი იდეალურად იყო, არის გარკვეული წუხილები, საკითხები, რომლებიც არა თუ ჩვენი არჩევნების, არამედ, თუ ჩვენ ვნახავთ ისეთი ოდირის დასკვნებს სხვადასხვა ქვეყანასთან მიმართებაში, ვნახავთ, რომ არის საარჩევნო პროცესის თანმდევი. მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დარღვევები არ იყოს ისეთი შინაარსისა და ისეთი წონის, რომ ჰქონდეს გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არჩევნების მთლიანობაზე და პოლიტიკურ შედეგზე.
ზუსტად ეს იყო მთავარი საკითხი ჩვენი განხილვის, იქიდან გამომდინარე, რომ დარღვევები, მიგნებები და წუხილები, რომლებიც მოცემული იყო ეუთო/ოდირის დოკუმენტში, არ წარმოადგენდა ისეთ არსებითს, რომლებსაც შეუძლია, რაიმე ნეგატიური გავლენა მოახდინოს არჩევნები შედეგებზე”, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.