ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1734895612
„ქართულმა ოცნებამ“ ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც ყველანაირი საფუძვლის გარეშეც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს, ამ ცვლილებებით „ოცნებამ“ საჯარო მოხელე მძევლად აიყვანა, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან საჯარო სექტორის საშუალო რგოლი ყოველთვის იყო ის ფუნდამენტი და ბაზა, რომელიც პირველ რიგში იბრძოდა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის.
„ვერავინ ვერასდროს გაბედა ამ ადამიანებისთვის ხელის ხლება, იმიტომ, რომ ესენი არიან ინსტიტუციური მეხსიერების მატარებლები დამოუკიდებლობის 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში. დღეს „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა და ფაქტობრივად, თქვა, რომ საშუალო რგოლის საჯარო მოხელეები – დეპარტამენტის ხელმძღვანელები, მოადგილეები, ზოგიერთ შემთხვევაში სამმართველოს ხელმძღვანელები და მოადგილეები, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით იქნებიან დანიშნულები. გარდა ამისა, მიიღო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც რიგითი საჯარო მოხელის სამსახურიდან გაგდების შესაძლებლობას აძლევს ყველანაირი საფუძვლის გარეშეც და მათ შემდგომ სამართლებრივი დავის საშუალებაც ფაქტობრივად ერთმევათ. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით „ოცნებამ“ მძევლად აიყვანა საქართველოს საჯარო მოხელე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა საჯარო მოხელეებს მიმართა.
„მეგობრებო, მაშინ, როცა საქართველოს ასობით ათასი რიგითი მოქალაქე მშვიდობიანი პროტესტის საშუალებით იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, იცავს სამართლიანობას, გამოხატვის თავისუფლებას, თქვენი დუმილი დააზიანებს თქვენს მომავალსა და ინტერესებს. უნდა გვესმოდეს, რომ მოძალადეს, რაც უფრო დიდხანს არ გავცემთ საკადრის პასუხს, ეს მოძალადე კიდევ უფრო მეტს იძალადებს ჩვენზე. თუ დღეს საჯარო სექტორმა არ თქვა თავისი ღირსეული სიტყვა სახელმწიფოს ინტერესების დაცვისთვის და არ გაიხსენა საჯარო მოხელის ფიცი, რომლის მთავარი მიზანია, სახელმწიფოს, მოქალაქეების და ქვეყნის მსახურება და არა ერთი პარტიის და ერთი ადამიანის და მათი კორუმპირებული ინტერესების, მაშინ ისინი თავისას გაიტანენ. გაიტანენ მაშინ, როცა საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე იცავს ქვეყნის ევროპულ მომავალს, ზუსტად იმას, რისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში ვიბრძოდით. უკვე ყველაფერი გასაგებია, ვინ რომელ მხარეს დგას და მინდა მოგიწოდოთ, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი – ამოიღოთ ხმა და გააკეთოთ ის არჩევანი, რომელიც დღეს საქართველოს, სახელმწიფოს და ქუჩაში მდგომ მოქალაქეებს ძალიან სჭირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ერთად და აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.