გიორგი გაბუნია: თავად ევროკავშირი არ იყო მზად გაფართოების პროცესის დაწყებისთვის - სიმართლე გაირკვა ჰერჩინსკის წერილიდან და დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს

გიორგი გაბუნია

თავად ევროკავშირი არ იყო მზად გაფართოების პროცესის დაწყებისთვის და ევროკავშირის სისტემაში ახალი წევრების მიღებისთვის, - ამგვარად ეხმაურება კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს, რომელიც ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 ნოემბერს გაუგზავნა და სადაც აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე.

გაბუნია აცხადებს, რომ ამ ფონზე ევროკავშირი ცდილობდა შეექმნა განწყობა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავად ამბობს უარს ევროპულ ღირებულებებზე.

„საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აკეთებდა მოწოდებას, „გახსენით მოლაპარაკება და დღესვე ვაწერთ ხელს.“ ეს ჩვენი განწყობა ძალაშია, მაგრამ სამწუხაროდ, ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც ორმაგ სტანდარტებზეა დაფუძნებული. ერთი მხრივ ყველანაირად ცდილობდა, შეექმნა საზოგადოებაში ფონი, რომ თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ამბობს უარს ევროპულ ღირებულებებზე. შემდგომში ამას უნდა მოჰყოლოდა სამოქალაქო პროტესტი სამოქალაქო არეულობა, რევოლუციური პროცესები, სწორედ ამაზე იყო გათვლა. ჩვენ იმას ვაკეთებდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა სიმართლე ამ საკითხთან დაკავშირებით. სიმართლე გაირკვა ჰერჩინსკის წერილიდან და დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

პაველ ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს. ელჩი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისთვის გაგზავნილ წერილში წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია.“