1787827596
გიორგი ჭანტურია: ჯერჯერობით, ამდენ რუსსაც ვერ ვხედავთ ქვეყანაში, რეალურად, „ქართული ოცნება“ შეშფოთებულია იმით, რომ საქართველოში არ არის იმდენი რუსი, რამდენსაც ელოდებოდნენ
2008 წლის აგვისტოს შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ის პარტია, რომელმაც ყველა კარი და კარიბჭე გაუხსნა რუსეთს და ორივე ხელით ეგებებოდა, ასევე, „ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ და უკვე წელს და შარშან, ორივე ხელით აწეული ამტკიცებს, რომ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.
ჭანტურიას თქმით, ორივე პარტია, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ ერთმანეთზე უარესია.
„რაც შეეხება შეკითხვას, კონტექსტი არის რუსოფობია და ამაზე არაერთხელ გვიპასუხია. კრემლშიც კი იციან, რომ საქართველოში საყოფაცხოვრებო დონეზე რუსოფობია არ არსებობს. უბრალოდ არ არის ეს ჩვენი კულტურის ნაწილი. მიუხედავად ყველაფრისა, საყოფაცხოვრებო დონეზე საქართველოში რუსოფობია არ არსებობს. ეს, როგორც ჩვენთან, ქვეყნის შიგნით, ასევე კრემლშიც იციან. რაც შეეხება პოლიტიკურ დონეზე, რუსეთი საქართველოს ტერიტორიებს როცა აღიარებს და საქართველოს დამოუკიდებლობას პატივს სცემს, შემდეგ შეიძლება, პოლიტიკურ დონეზეც უკვე ამაზე ვიმსჯელოთ. ამ შემთხვევაში კი, საყოფაცხოვრებო დონეზე საქართველოში რუსოფობია არ არსებობს. ბევრი რუსი თუ შემოედინება და შემოედინება, ქვეყანაში არის სუს-ი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი დაძაბულობა, თუ რაღაც არეულობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა აკონტროლოს საზღვარი, ვინ შედის, ვინ გამოდის და ა.შ. ჯერჯერობით, რასაც ჩვენ ვუყურებთ, არ ვიცი, აგვისტოში რაც უფრო მეტი ფული დაიხარჯება საქართველოში, მით უკეთესი.
ჯერჯერობით, ამდენ რუსსაც ვერ ვხედავთ ქვეყანაში და პირიქით გვგონია, რომ კობახიძე და „ქართული ოცნება“ რეალურად, შეშფოთებული არიან იმით, რომ საქართველოში არ არის იმდენი რუსი, რამდენსაც ელოდებოდნენ. ფაქტია, რუს ბლოგერებთან კალაძის ამ „პრომობიჭუნობამ“ არ უშველა და გააგრძელოს კალაძემ“, – განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.












