"წყლის უზარმაზარი კედელი წამოვიდა..." - 24 წლის ბიჭი, რომელიც სტიქიას, მანგოს ხეზე დაკიდებით, გადაურჩა

ნეპალი

ნეპალში მომხდარი მასშტაბური სტიქიის დროს 24 წლის მუშა, ბიბეკ კუმალი, სიკვდილს მხოლოდ რამდენიმე წამით გადაურჩა.

კუმალი ბიდურში, ახლად აშენებული სახლის გარეთ, ტუალეტისთვის ორმოს თხრიდა. დაახლოებით 1.5 მეტრის სიღრმის ორმოში მუშაობისას მან უცნაური შიშინის ხმა გაიგონა. მისმა ოთხმა თანამშრომელმა, რომლებიც ზემოდან იმყოფებოდნენ, მას გაქცევისკენ მოუწოდეს.

კუმალმა ორმოდან ამოსვლა და გაქცევა მოასწრო, თუმცა მალევე მისკენ წყლის, ტალახისა და ქვების უზარმაზარი ნაკადი წამოვიდა.

„გავიქეცი. შემდეგ კი წყლის უზარმაზარი კედელი წამოვიდა, თითქოს მიწისძვრა იყო“, - იხსენებს ახალგაზრდა მამაკაცი.

სტიქიის ნაკადმა ის წაიღო და ტალახსა და ნანგრევებს შორის ერთი მიმართულებით გააქანა. სწორედ ამ დროს აღმოჩნდა მის წინ მანგოს ხე.

კუმალმა ხეზე ჩაჭიდება და მასზე შეჩერება მოახერხა.

„საბედნიეროდ, მანგოს ხეს მოვეჭიდე. მანგოს ხე რომ არ ყოფილიყო, წყალი წამიღებდა და მოვკვდებოდი“, - თქვა მან.

მამაკაცი მოგვიანებით მაშველებმა იპოვეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მას ფეხი ჰქონდა დაზიანებული და მკურნალობა დასჭირდა. 

ეს კუმალისთვის პირველი მძიმე სტიქიური გამოცდილება არ ყოფილა - ის 2015 წლის ნეპალის დამანგრეველ მიწისძვრასაც გადაურჩა. 

ცნობისთვის, ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 165-ს მიაღწია. 1 300-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება, მაშველები კი გადარჩენილთა ძებნას აგრძელებენ.