გიორგი ბუტიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ პატარა პარტიები არ აკრძალა, ესეც განხეთქილების საკითხად აქციეს, უნდა შევეშვათ განხეთქილების გაღრმავებას, რაც უნდა „ოცნებას“

გიორგი ბუტიკაშვილი

საქმე მარტივადაა, არიან პარტიები, სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები, სალომე ზურაბიშვილი და ამ ოთხივე ჯგუფის მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნები ჩაინიშნოს, ერთმანეთს გამხლეჩაზე თუ ვიმუშავებთ და ამაზე მოვახდენთ აქცენტირებას, ცხადია, ეს არ მოხდება და ვერ მოხდება, – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარტიების აკრძალვის საკითხი იმ ამოცანის გაგრძელებაა, რა ამოცანაც დაისახა „ქართულმა ოცნებამ“ – სახელმწიფო ბოლომდე მიიტაცოს.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ის პარტიები, სამოქალაქო სექტორი და აქტივისტები, რომლებიც ერთ წელზე მეტია, იბრძვიან, ზოგად წინააღმდეგობაში არიან. პარტიული ბრძოლა არ მიდის, მიდის სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ბრძოლა. კრძალავენ იმ პარტიებს, რომლებს ეშინიათ და თვლიან, რომ ნებისმიერი მომავალი არჩევნები, რომელებიც შეიძლება, ჩაინიშნოს, მათთვის იყოს პრობლემა. ზოგად, დიდ წინააღმდეგობაში ვართ. ეს არ არის პარტიული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა სახელმწიფოსთვის, ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადა „ქართულმა ოცნებამ“ და არ სურს, ევროპული სტრუქტურების წევრი იყოს, არ სურს, იყოს ბოლონიის პროცესის წევრი. აქ არ იმის კითხვა – თუ რა უნდა ქნან პარტიებმა, აქ არის კითხვა, როგორ გავაძლიეროთ წინააღმდეგობა, რომ მივიდეთ ახალ არჩევნებამდე ერთად, როგორ შევცვალოთ ცესკოს წევრები და გვქონდეს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მისი თქმით, მძიმეა, როდესაც ოპოზიციური პარტიები ერთმანეთს ლანძღავენ, ეს არასდროს დალაგდება.

„შევხედოთ სხვანაირად. საქმე მარტივადაა, არიან პარტიები, სამოქალაქო სექტორი, აქტივისტები, სალომე ზურაბიშვილი და ამ ოთხივე ჯგუფის მთავარი ამოცანაა, რომ არჩევნები ჩაინიშნოს. ერთმანეთს გამხლეჩაზე თუ ვიმუშავებთ და ამაზე მოვახდენთ აქცენტირებას, ცხადია, ეს არ მოხდება და ვერ მოხდება. ამიტომ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევანი იმ სამ პარტიაზე და არ აკრძალა პატარა პარტიები, ესეც განხეთქილების საკითხად აქციეს. უნდა შევეშვათ ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებას და განხეთქილების გაღრმავებას, რაც უნდა „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფების, „ხალხის ძალის“ და „ევროპელი სოციალისტების“ ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. ეს პარტიებია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.