გიგა ფარულავა: ევროპელი პარტნიორების მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მოწოდება არის მავნებლური საქციელი, ნებისმიერ პირს, ვინც ამაში ჩართული იყო, მოუწევს პასუხის გაცემა

გიგა ფარულავა

მოვუწოდებთ ევროპელ პარტნიორებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეხოს და შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, ვინც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი „ქართული ოცნების“ პოლიტიკაზე, – ამის შესახებ  პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე არის.

„ჩვენდა სამწუხაროდ, „ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე საფრთხე არის. ჩვენ არაერთხელ საჯაროდაც და პირადი შეხვედრების დროსაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოვუწოდებდით, „ოცნების“ ამ მავნებლური პოლიტიკის მიუხედავად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეხოთ, ვინაიდან ჩვენი მოქალაქებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური და ჯანდაცვის მიმართულებით ამ უვიზო მიმოსვლას. ვიმედოვნებთ და მოვუწოდებთ პარტნიორებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება ჩვენს მოქალაქეებს არ შეეხოს და შეეხოს მხოლოდ იმ პირებს, ვინც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ოცნების ამ პოლიტიკაზე“, – განაცხადა ფარულავამ.

როგორც ფარულავამ განაცხადა, ევროპელი პარტნიორების მიმართ უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მოწოდება არის მავნებლური საქციელი.

„ნებისმიერ შემთხვევაში, იქნება ეს სხვა ოპოზიციური პარტიის, „ოცნების“ მავნებლური პოლიტიკის შედეგად, თუ ნებისმიერი სამოქალაქო აქტიურობის შედეგად, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე მოწოდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, ეს არის მავნებლური საქციელი. ამაზე, როგორც ოპოზიციას, ასევე „ოცნებასაც“ და ნებისმიერ პირს, ვინც ამ მიმართულებით ჩართული იყო საქმიანობაში, რომ ევროპელი პარტნიორებისათვის მოეწოდებინა, ქართველ ხალხს შეუჩერონ მნიშვნელოვანი უვიზო მიმოსვლა, ბუნებრივია, ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა. მსგავსი ქმედებები არის მავნებლური, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხელისუფლებაა, თუ ოპოზიცია“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ევროკომისიის პრეზიდენტს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ წერილი გაუგზავნეს: „ჩვენთვის ცნობილია, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო სისტემურად აფერხებს კომისიის მცდელობებს, მიიღოს არსებითი სანქციები ბატონ ივანიშვილისა და მისი კრემლთან დაკავშირებული ქსელის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ვიმედოვნებთ, ეს წინააღმდეგობა დროთა განმავლობაში გადაილახება, ახლად გადახედილი ვიზების შეჩერების მექანიზმი (Visa Suspension Mechanism) ამ მომენტში სთავაზობს რეალურ გზას წინსვლისკენ“, – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და გივი თარგამაძე. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ქართველი ოპოზიციონერებისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ „ვიზების შეჩერება, შეიძლება, მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება საკითხებს არ მოაგვარებს“.