გია ვოლსკი - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოზე ზეწოლა არ გაჩერებულა, რაც კონკრეტულ განცხადებებშიც გამოიხატა, საქართველოსგან რა უნდათ, თუ არა ომში მონაწილეობა?

გიორგი ვოლსკი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოზე ზეწოლა არ გაჩერებულა, რაც კონკრეტულ განცხადებებშიც გამოიხატა. ჩნდება კითხვა, საქართველოსგან რა უნდათ, თუ არა ომში მონაწილეობა? – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს, რუსეთს სანქციები დაუწესოს.

„ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკურ ბრძოლაში შევდივართ, რომელიც აუცილებლად ცხელ ფაზაში გადავა. ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც ეს ფორმულირება ჰაერიდან არ მოვიდოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სერიოზული ზეწოლა არ გაჩერებულა, რაც კონკრეტულ განცხადებებშიც გამოიხატა. მსოფლიო ბანკის, ატლანტიკური საბჭოს მონაცემებს თუ შეადარებთ, მაშინ კითხვა ჩნდება, პატარა საქართველოსგან რა უნდათ, თუ არა ომში მონაწილეობა იმ პირობით, რომ რუსეთს სერიოზული პრობლემა შეექმნას? ამ შემთხვევაში საქართველო ეკონომიკური რუკიდან გაქრება. რასაკვირველია, ნგრევა არამხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.