გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას უკავშირდება, ისეთი ხელისუფლების, რომელიც ყველაფერზე წავა

გია ვოლსკი

„ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას უკავშირდება, ისეთი ხელისუფლების, რომელიც ყველაფერზე წავა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „პაატა ბურჭულაძის თემა აქტუალური გახდა, რადგან მან გადაწყვიტა, ფანტასმაგორიული სცენარებით გაიტანოს თავი და ოპოზიციურ მოძრაობაში პოპულარობა შეინარჩუნოს“.

„ის თავისი სხეულით და ტანით ქართულ დროშას შეურაცხყოფას აყენებს, როცა დროშაშემოხვეული დადის. საერთოდ, ის არაადეკვატური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. „ნაცმოძრაობას“ სხვა არაფერი დარჩა, თუ არა, ღიად გამოვიდეს, კარტი გახსნას და თქვას – „სისხლი უნდა დაიღვაროს“. მათი აზრია და ეს აზრი უკვე გახმოვანდა. პაატა ბურჭულაძეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უნდა, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იქნება და არაფერი მოხდება. ამის დასადასტურებლად რაღაც სულელურ კომენტარებს აკეთებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი გეგმა ჰქონდა და აქვს. ეს გეგმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას უკავშირდება. ანუ, ისეთი ხელისუფლების დაბრუნებას, რომელიც ყველაფერზე წავა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.