გია ვოლსკი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სხვა გზას დაადგა, სხვა განვითარებას ხედავს მსოფლიოში, იმედია, ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება ომის პარტია, რომელიც მსოფლიოში ომის უწყვეტობას განაპირობებს

გია ვოლსკი

ამერიკის ახალი ადმინისტრაცია სხვა გზას დაადგა და სხვა განვითარებას ხედავს მსოფლიოში. ამერიკის პოლიტიკის დაპირისპირება ევროპის პოლიტიკასთან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, ვოლსკის თქმით, „იმედი აქვს, ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება ომის პარტია, რომელიც მსოფლიოში ომის უწყვეტობას განაპირობებს“.

„ეს განცხადება ქართულ კონტექსტში ნიშნავს, რომ გაანალიზებაა საჭირო, მათ შორის იმ ადამიანთა მხრიდან, ვინც საკუთარ ქვეყანას უპირისპირდება იმ მოტივით, თითქოსდა პრორუსულ მთავრობას ებრძვიან. დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, როგორი იყო მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა და დღეს რა მოთხოვნებია – ევროპული საზოგადოება ნამდვილად შეწუხებულია, მათ შორის ეკონომიკური ვარდნით. ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესია, მაგრამ ვარდნა შეინიშნება. ეს ნიშნავს, რომ ევროპა დაიღალა იმ სისხლისმღვრელი ომით, რომელიც ცენტრალურ ევროპაშია. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია სხვა გზას დაადგა და სხვა განვითარებას ხედავს მსოფლიოში. ამერიკის პოლიტიკის დაპირისპირება ევროპის პოლიტიკასთან საკმაოდ, მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს – იმედია, ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდება ომის პარტია, რომელიც მსოფლიოში ომის უწყვეტობას განაპირობებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიის დოკუმენტის შეფასებისას.

ამასთან, ნატო-ს საკითხთან დაკავშირებით გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ალიანსთან საქართველოს მოკავშირეობა უცვლელი პოლიტიკაა და საქართველო, როგორც მოკავშირე, მაღალ დონეზეა.

რაც შეეხება ნატო-ს ნაწილს, ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს ნატო-ს სტანდარტს საერთაშორისო უსაფრთხოების ბრძოლაში. ჩვენ ეს არაერთხელ გამოვავლინეთ და ნატო-ს წევრ ქვეყნებს გადავასწარით ჩვენს აქტივობებსა და ძალისხმევაში. ამ მიზნით, ჩვენი შვილები და ადამიანები დავკარგეთ. ეს არასოდეს შეწყდება, წევრობაზე კი მსჯელობა შეიძლება გაცილებით მაღალ დონეზე გაიმართოს, ვიდრე საქართველოს პოლიტიკური სივრცეა, თუმცა ჩვენთვის ნატო-სა და ევროკავშირის სტანდარტი მისაღები და მისაბაძია. ნატო-სთან ჩვენი მოკავშირეობა უცვლელი პოლიტიკაა. შეგვიძლია, ჩვენი თავი მაღალ დონეზე წარმოვაჩინოთ, როგორც მოკავშირის, რომელსაც შეუძლიათ, დაეყრდნონ და ებრძოლონ საერთაშორისო გამოწვევებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტი შეიცავს ევროპის მიმართ კრიტიკას, მათ შორის სიტყვის თავისუფლების ცენზურის გამო. ამასთან, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ „ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა“.