1751744974
გია ცაგარეიშვილი: სალომე ზურაბიშვილის ფიქრების გარკვევა, ჩემი აზრით, უმადური საქმეა, მისი ოფისის წარმომადგენლებიც ვერ ერკვევიან ხოლმე კარგად მის ქმედებებსა და განზრახვებში. დაველოდებით ვეტოს და ვიმოქმედებთ კონსტიტუციიდან გამომდინარე

სალომე ზურაბიშვილის ფიქრების გარკვევა, ჩემი აზრით, უმადური საქმეა, მისი ოფისის წარმომადგენლებიც ვერ ერკვევიან ხოლმე კარგად მის ქმედებებსა და განზრახვებში. დაველოდებით ვეტოს და ვიმოქმედებთ კონსტიტუციიდან გამომდინარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ ვეტო უნდა იყოს არგუმენტირებული, თუმცა, სალომე ზურაბიშვილისგან ამას არ ელოდება.
„მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ და გავიაზროთ, რომ კანონპროექტი სამი მოსმენით მიღებულია, გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მისი მხრიდან გახმოვანებული იყო ვეტოს დადების განზრახვა. ჩვენი კანონმდებლობით ვეტო უნდა იყოს არგუმენტირებული. სალომე ზურაბიშვილისგან ნაკლებად ველოდები ზოგადად არგუმენტს რაიმე მოვლენაზე, არა მხოლოდ ამ კანონპროექტზე, მაგრამ მაინც, ჩვენ კანონმდებლები ვართ და ლეგალურ პროცესში ვმონაწილეობთ და ველოდებით არგუმენტირებულ ვეტოს. ამის შემდეგ ვიმოქმედებთ სიტუაციიდან გამომდინარე.
წიაღსვლებში შესვლა და იმის გარკვევა, თუ რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილი, ჩემი აზრით, უმადური საქმეა. მე მგონი მისი ოფისის წარმომადგენლებიც ვერ ერკვევიან ხოლმე კარგად მის ქმედებებსა და განზრახვებში. ჩვენ ამ მიმართულებით დრო და ენერგია არ უნდა დავხარჯოთ“, -აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მან ასევე ისაუბრა ვეტოს მიღების შემდგომ პროცესებზე.
„ჩვენ დაველოდებით ორკვირიან ვადას, რაც მოცემულია ჩვენი კანონმდებლობითა და კონსტიტუციით და ვიმოქმედებთ სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ არ გავურბივართ დიალოგს. თუ იქნება მოტივირებული შენიშვნები ვეტოში, ამას შევისწავლით და გამომდინარე აქედან ვიმსჯელებთ შემდეგ ვეტოს გადალახვაზე. იმაზე, თუ რამდენად გასაზიარებელია ან არ არის ვეტოში ჩამოყალიბებული შენიშვნები. რაც იქნება ვნახავთ, შევაფასებთ“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.