გია ბარამიძე: დსთ-ში ყოფნა არ უშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას

გია ბარამიძე

დსთ-ში ყოფნა არანაირად ხელს არ უშლის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუ არის ქვეყნის სუვერენული და თავისუფალი ნება და გაქვს საშუალება, წინ იმოძრაო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.

გია ბარამიძეს დაუსვეს კითხვა ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ „ვიდრე მოლდოვა დსთ-ს წევრად რჩება, მანამდე გაგვჭირდება მილოცვა“.

„ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია, დასავლეთში არავინ ითხოვს არც მოლდოვისგან და არც საქართველოსგან ომს იმის საფასურად, რომ ევროკავშირში გავწევრიანდეთ. ეს არის რუსეთის სხვადასხვა ინსტიტუტებში მოგონილი მტკნარი ტყუილი, რომელსაც გზავნიან საქართველოსა და მოლდოვაში. მოლდოვაში ამან არ იმუშავა, საქართველოში ბევრი მექანიზმია, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და რეჟიმი სწორედ ცინიკურ, უტიფარ ტყუილს ავრცელებს. არ არის გასაკვირი, რომ პუტინის მეხუთე კოლონამ არ მიულოცა გამარჯვება მოლდოველ ხალხს, არ მიულოცა რუსეთის დამარცხება. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. თითიდან გამოწოვილი მიზეზი ითქვა, თითქოს მოლდოვა დსთ-შია და ამიტომ არ მიულოცა რუსმა კობახიძემ. კობახიძე, რომელიც საქართველოს რუსეთის გუბერნიისკენ და ბელორუსიზაციისკენ, კადიროვიზაციისკენ ექაჩება, თურმე არ მიულოცავს მოლდოვას“, – განაცხადა გია ბარამიძემ.

მისივე თქმით, ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან კარგად ესმის, რა მოხდა მოლდოვაში.

„თითიდან გამოწოვილი მიზეზები შეუძლიათ, საკენკის სახით დაუყარონ მათ, ვინც ჯერ კიდევ ჰყავთ გაბრიყვებული. საბედნიეროდ, ასეთი სულ უფრო ცოტაა. მოლდოვაში რუსეთი დამარცხდა და ყველა ნორმალური ადამიანი, ვისაც უნდა საქართველოს უკეთესი მომავალი, გახარებულია. ჩვენი რეგიონი ურთიერთკავშირშია. მოლდოველი ხალხის რუსეთზე გამარჯვება მნიშვნელოვანია, როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის“, – განაცხადა გია ბარამიძემ.