შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობების აღკვეთა, შიდა და საგარეო საფრთხეების მაღალი დონე და დესტრუქციული პროცესების ინსპირირება - პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე დეპუტატებს ანგარიში სუს-ის ხელმძღვანელმა რამაზ ბორაშვილმა წარუდგინა.
მანამდე, სუს-ის უფროსის მოადგილე დავით არჩვაძე მოხსენებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრების წინაშე გამოვიდა. სუს-ის 2025 წლის ანგარიშში ოკუპაციას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. ამ მიმართულებით, გამოწვევებს შორისაა საოკუპაციო ძალის მიერ, ანექსიისკენ მიმართული ღონისძიებები, უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რომლის გამოც, სუსი რეაგირების მუდმივ რეჟიმშია.
"გასული წლების მსგავსად, საქართველოში ისევ მაღალი იყო გარე და შიდა ძალებისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეები. მაგალითისთვის შეგახსენებთ 2025 წლის ოქტომბრის მოვლენებს, როდესაც საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მიზნით, ქვეყანაში გეგმავდნენ სამოქალაქო არეულობასა და დესტაბილიზაციას. მათი გეგმის ნაწილი იყო სტრატეგიული ობიექტის, პრეზიდენტის სასახლის დაკავება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააიდენტიფიცირა ყველა ის პირი, ვინც ჩართული იყო და გეგმავდა ძალადობრივ პროცესებს. ჩვენს მიერ სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა.
დაკავებული იქნენ ძალადობრივ აქციებში ჩართული პირები და ორგანიზატორები, რომელთაც პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მოგეხსენებათ, რომ დაკავებულთა ნაწილმა ბრალი უკვე აღიარა.
გასულ წელს საქართველოს წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენებოდა საინფორმაციო ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდი. დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უცხოური მედიასაშუალება BBC-ც კი გახდა. ყველას გახსოვთ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო, რომ თითქოს მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, ე.წ. კამიტი იქნა გამოყენებული. აღნიშნულ ფაქტზე, როგორც იცით, ჩატარდა დროული გამოძიება და დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთიერება "კამიტი" არასდროს შეუძენია. ჩვენი დროული რეაგირების შედეგად, რაც სწრაფად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, საზოგადოების პროაქტიულ ინფორმირებაში გამოიხატა, თავიდან იქნა აცილებული ის უარყოფითი შედეგები, რაც აღნიშნული დეზინფორმაციული სიუჟეტის მიზანს წარმოადგენდა", - განაცხადა თამაზ ბორაშვილმა.
მოხსენების დასრულების შემდეგ, პლენარული სხდომა დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.