ხაშურში, სამსახურიდან მისულ მამას 9 წლის ბავშვი გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარებაში
1749109248
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ზოგადი და პროფესიული განათლების შესახებ კანონებში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. როგორც მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ ღვამიჩავამ განაცხადა, ცვლილებების თანახმად, იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, დიპლომთან ერთად გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი, გარდა პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მისივე თქმით, ჩნდება დამატებითი შესაძლებლობა, როგორც მასწავლებლის, ასევე სპეციალური მასწავლებლის დასაქმების კუთხით. კერძოდ, იმ პირებს, რომლებსაც გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა და მოპოვებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი, დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე, მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
ცვლილების თანახმად, დირექტორის მოადგილის/მოადგილეების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა განხორციელდება არჩეული დირექტორის ან მინისტრის მიერ დანიშნული დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საგრანტო და სასესხო შეთანხმებები, რომლებიც კომიტეტის წევრებს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გააცნო.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, წარმოდგენილი შეთანხმებების მიზანია საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება.
სარატიფიკაციო დოკუმენტებს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.