1769975663
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა, რომელიც ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ხელმისაწვდომობის ვალდებულებას შეეხება.
საკითხი სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო სამართლის ზოგიერთ სუბიექტს გაუჩნდება ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მისაწვდომობის ვალდებულება.
აგრეთვე, შეიქმნება ადაპტირებისათვის შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2026 წლის 31 ოქტომბრამდე დაამტკიცებს.
ამასთან, ადმინისტრაციულმა ორგანომ და ამ კანონის რეგულირების სფეროში შემავალმა კერძო სამართლის სუბიექტმა უნდა უზრუნველყონ 2027 წლის პირველი იანვრიდან გამოქვეყნებული ვებსაიტებისა და მობილური აპლიკაციების შესაბამისობა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ „ტექნიკურ რეგლამენტთან - ვებსაიტისა და მობილური აპლიკაციის მისაწვდომობის სტანდარტი“.












