გამთლიანების პროცესს ჩვენ ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ როგორც საქართველოს საზოგადოების მთლიანობის აღდგენას. ალტერნატივა რა აქვთ, რას გვთავაზობს უცხოეთიდან მართული ოპოზიცია? - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენ იმასაც ვამბობთ, რომ საქართველოს მთლიანობა უნდა აღდგეს და ამ რიტორიკის საპირისპიროდ ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის განცხადება, რომ უნდა მოხდეს დემარკაცია საზღვრისა, რომელიც შეიძლება მათ წარმოდგენაში არსებობს ჩვენსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის ერთ-ერთი წარმომადგენლის კითხვის პასუხად. ჟურნალისტის თქმით, მმართველი გუნდის განცხადებებს რუსეთი სათავისოდ იყენებს.

„რაც შეეხება ჩვენ გამთლიანების პროცესს, ჩვენ ამას ვუყურებთ არა მხოლოდ როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ ვუყურებთ როგორც საქართველოს საზოგადოების მთლიანობის აღდგენას და ეს შეუძლებელია იმის გარეშე, რომ ჩვენ გავიაზროთ ჩვენი წარსული, გავაანალიზოთ, თუ რა შეცდომები დაუშვა ყველამ და აქედან გამომდინარე, გავიხედოთ წინ და გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება. ამისი ალტერნატივა რა აქვთ, რას გვთავაზობს უცხოეთიდან მართული ოპოზიცია? - სამი წლის წინ ოპოზიცია, ის ესტონური ენჯეო და მისი ხელმძღვანელი ქალბატონი გიგაური გვთავაზობდა, რომ ეს შესაძლებლობები გამოგვეყენებინა, ტანკები დაგვექოქა. ზოგს ბომბების ცეცხლი ენატრებოდა იმ მომენტში და ეს უნდოდა, რომ ენახა საქართველოში ზოგს რა და ზოგს - რა. ამიტომ, არსებობს ოპოზიცია, მათი მოკავშირე ენჯეოები, ანუ ისინი ვინც მტრობენ ჩვენი ქვეყნის მთლიანობას და მათი გეგმა არის, რომ ქედმაღლურად, ძალით შეხედონ იმ გამოწვევას, რასაც ჰქვია ჩვენი საზოგადოების თუ ტერიტორიების გამთლიანება. ჩვენ დამოკიდებულება არის ცხადი და ზუსტად ეს პოლიტიკა გვაქვს ჩვენ, რომ მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება, მნიშვნელოვანი არის გააზრება ჩვენი წარსულისა და ასე გახედვა მომავალში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.