განახლება: გამოცემა „ჰილმა“ სტატიაში ტექსტი ჩაასწორა: ზურაბიშვილის „გზავნილია, რომ აშშ-მა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის „სათამაშო მოედანი““

ზურაბიშვილი სალომე

გამოცემა „ჰილმა“ გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ციტატა ჩაასწორა.

თავდაპირველ ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ზურაბიშვილის გზავნილია, „აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს და საქართველო „სათამაშო მოედნად“ გამოიყენოს“.

ჩასწორებულ ტექსტში კი აღნიშნულია, რომ ზურაბიშვილის „გზავნილია, რომ აშშ-მა უნდა გამოაცხადოს პოლიტიკა, რომ კავკასია არ არის კრემლის „სათამაშო მოედანი““.

სალომე ზურაბიშვილის გზავნილი დონალდ ტრამპის მიმართ არის, რომ აშშ-მა რუსეთს უკან უნდა დაახევინოს . ამის შესახებ აღნიშნულია გამოცემა „ჰილის“ სტატიაში.

გამოცემას მოჰყავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადება, რომლის შესახებ გასულ კვირას ვაშინგტონში ისაუბრა.

„მე საშუალება მომეცა, მეთქვა მისთვის, რომ ეს არის სტრატეგიული რეგიონი, რომელიც არ შეიძლება დაივიწყოს შეერთებულმა შტატებმა“, – „ჰილის“ თანახმად, ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ჟურნალისტის შეკითხვას.

გამოცემის კითხვაზე, „ჩანდა თუ არა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა მიიღო ეს გზავნილი“, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „დიახ, იმ გაგებით, რომ მან იცის საქართველო, ის საქართველოში იყო. მას მოეწონა საქართველოში ყოფნა. ეს არ იყო აბსტრაქტული მომენტი“.

გამოცემის თანახმად, ტრამპის ინაუგურაციამდე სალომე ზურაბიშვილმა ხელი ჩამოართვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, აშშ-ის თავდაცვის მდივანს, პიტ ჰეგსეთს და ამ შეხვედრების მიზანია, დაარწმუნოს ტრამპის გუნდი, რომ მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ პოლიტიკა საქართველოს შესახებ.

„მე ველოდები, რომ ამერიკა ამ რეგიონში ჩართულად იგრძნობს თავს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ამ რეგიონს რუსეთთან და ჩინეთთან მიიყვანს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

„ჰილის“ თანახმად, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციას, მიუხედავად იმისა, რომ პრიორიტეტი ჰქონდა დემოკრატიაზე, რეალურად არაფერი გაუკეთებია საქართველოში დემოკრატიის შესანარჩუნებლად ბოლო ორი წლის განმავლობაში.