გამოძიება თუ რამეს სჭირდება, ეს არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა. ფაქტია, რომ შედეგები გაყალბებულია. საინტერესოა, რა დგას ამის უკან. ყველასთვის გასაგებია, რომ უბრალო შეცდომა არ არის - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არჩევნების შედეგებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, გამოძიება თუ რამეს სჭირდება, ეს „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლია.

„ხომ ფაქტია, რომ [ეგზიტპოლის] შედეგები არის გაყალბებული და ახლა საინტერესოა, რა დგას ამის უკან? ამის უკან დგას პოლიტიკური კორუფცია, ამის უკან დგას ფულით კორუფცია თუ რა? ეს რომ უბრალო შეცდომა არ არის, ყველასთვის გასაგებია. ამიტომ თუკი რამეს გამოძიება სჭირდება, არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, რომელმაც ამ არჩევნებზე შეასრულა 2020 წლის ISFED-ის როლი. მაშინ პარალელური დათვლის შედეგების აცდენით უნდა შეეტანათ საზოგადოებაში მღელვარება და არეულობა, თითქოს ცესკომ გააყალბა შედეგები და ახლა „ედისონ რისერჩი“ ასრულებდა ამ როლს, რომ ეგზიტპოლსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის განსხვავების გამო ხალხი აღელვებულიყო. ოღონდ ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხი უკვე ბრძენია და ამ საკითხზე რეაქცია აღარ ჰქონდათ, მიხვდნენ, რომ ეს იყო სიყალბე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.