გახარია მანდატს ებღაუჭება, მას ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დაუდგება, ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ხალხის, ოპოზიციის მხარეს, თუ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებენ“ - პეტრე ცისკარიშვილი

პეტრე ცისკარიშვილი

გახარიას გადაწყვეტილება გასაგებია, ის საპარლამენტო მანდატს ებღაუჭება, უნდა რაღაცნაირად შეინარჩუნოს ეს ადგილი პარლამენტში, მაგრამ მათ ფრაქციასაც სულ რამდენიმე თვეში დაუდგება ჭეშმარიტების მომენტი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აპრილ-მაისში ვნახავთ რეალურ სახეს, გახარია პარტია არის ხალხის, ოპოზიციის მხარეს, თუ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს „უპრავებს“.

„ამ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, ან მოუწევთ პარლამენტში შესვლა და დაფიქსირება, ამ რეჟიმის ამ ფორმით ერთგვარი ლეგიტიმაცია, მათთან ერთად ერთ დარბაზში ყოფნა, იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც ყოფნა PACE-შიც კი არავის უნდა, ან „ოცნებას“ მოუწევს მათი გარიცხვა არა განცხადებების საფუძველზე, არამედ გაცდენების გამო. ეს ჭეშმარიტების მომენტი აპრილ-მაისში დადგება. მაშინ ვნახავთ მათ რეალურ სახეს, არიან ისინი ხალხის, ოპოზიციის მხარეს, უერთდებიან სულისკვეთებას, რომელიც არის, მათ შორის რუსთაველის გამზირზე, თუ „უპრავებენ“ „ოცნებას“ არალეგიტიმურ პარლამენტს და ლეგიტიმაციას აძლევენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.