„გაკეთებული საქმეები გვაძლევს იმის ამბიციას, რომ გავაგრძელოთ დაწყებული პროექტები და მივიყვანოთ ბოლომდე - სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ მომდევნო 4 წელიწადი, რომ მეტი სიკეთე მოვუტანოთ დედაქალაქს“ - ზურაბ აბაშიძე

ზურაბ აბაშიძე

"პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ჩვენ მხარდამჭერს, რომელმაც 4 წლის წინ გამოგვიცხადა ნდობა, გამოუცხადა ნდობა დედაქალაქის მერს - კახა კალაძეს და, მათ შორის, თითოეულ ჩვენგანს, რომლებიც დღეს ვართ საკრებულოში," - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძემ, "რუსთავი 2-ის" ეთერში, "დღის სტუმარში" ისაუბრა.

ზურაბ აბაშიძემ იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობა კვლავაც გამოუცხადებს ნდობას "ქართულ ოცნებას", რათა დაწყებული მნიშვნელოვანი პროექტები ბოლომდე მიიყვანონ.

"იმედი გვაქვს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ კიდევ გვექნება ხალხის მხარდაჭერა იმისათვის, რომ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა, რომელიც განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში დედაქალაქში, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევითა გაგრძელდეს. იმიტომ ვდგავართ აქ, რომ ის გაკეთებული საქმეები გვაძლევს იმის ამბიციას, რომ გავაგრძელოთ დაწყებული პროექტები და მივიყვანოთ ბოლომდე. სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ მომდევნო 4 წელიწადი, რომ მეტი სიკეთე მოვუტანოთ დედაქალაქს, იყოს მეტი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, მეტი სიკეთე იყოს თითოეულ ქუჩაზე, უბანში და თითოეულ სახლში," - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.