8 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი კულტურული განვითარების ფონდის – „მესმას“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება

mesma

8 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი კულტურის განვითარების ფონდი– „მესმას“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართება.

დაგეგმილი ღონისძიების შესახებ „პრაიმტაიმთან“ ნიკოლოზ წულუკიძე საუბრობს. მისი თქმით, ამ დღეს სცენაზე იდგებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ყველა თაობის არტისტები.

„ღონისძიების რეჟისორი არის დათო საყვარელიძე, მუსიკალური ხელმძღვანელი კი ნიკა ნიკვაშვილი. ამ ღონისძიებაზე სახელოვნებო უნივერსიტეტის სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია.  სპეციალურად ამ დღისთვის იანო ალიბეგაშვილი ჩამოდის იტალიიდან. ასევე, მე მოვყვები ისტორიებს, სადაც ჩანს, რა შედეგი მოიტანა ბიზნესისა და ქართული კულტურის ურთიერთობამ. ვისაუბრებ დიმიტრი ყიფიანზე, ნიკო ნიკოლაძესა და ივანე ჯავახიშვილზე, რაც ერთგვარი სინთეზი იქნება“, - გვითხრა ნიკოლოზ წულუკიძემ.

ფონდის შექმნის ინსპირაციასა და მიზნებზე „პრაიმტაიმს“ ფონდის დირექტორი ნინი ჯაფარიძე ესაუბრა. მისი თქმით, ფონდი „მესმა“, ევროპული გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით, შეიქმნა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაცია “IPOA”-ს ინიციატივით:

"ფონდის მიზანია, ითანამშრომლოს, როგორც კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან, ასევე მხარი დაუჭიროს ახალი თაობის შემოქმედებით აქტივობებს. 8 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ფონდი „მესმას“ პრეზენტაცია, სადაც საფუძველი ჩაეყრება „მესმას“ თანამშრომლობას სახელოვნებო უნივერსიტეტებთან. მათ მიერ მოწოდებულ წარმატებულ სტუდენტებს დაენიშნებათ „მესმას“ სტიპენდიები. სწორედ ეს სტიპენდიები გახდება სიმბოლო ფონდის საქმიანობის დასაწყისის.

ნინი ჯაფარიძის თქმით, ფონდის ძირითადი მიმართულება იქნება ახალი თაობის უნარებისა და შემოქმედებითი აქტივობის ხელშეწყობა.

“ჩვენი ფონდი მხარს უჭერს სტუდენტებს, რომელთა მიზანია არა მხოლოდ სწავლა, არამედ ახალი უნარებისა და გამოცდილების შეძენა საქართველოში, თუ საზღვარგარეთ, რათა თავიანთი ცოდნით ხელი შეუწყონ საქართველოს მომავლის განვითარებას“, - ამბობს ნინი ჯაფარიძე