გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული ანგარიში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში - დარჩიაშვილი

დარჩიაშვილი

გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებული ანგარიში  იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმი, რათა ოქტომბერში ევროკომისიამ მიიღოს შესაბამისი დასკვნა,ხოლო ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წლის მაისიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებს ასახავს და რომელიც, ევროკომისიის ფარგლებში განხილვების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

„ევროკავშირის ელჩს პირადად გადავეცი აღნიშნული დოკუმენტი. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, რომელიც გადადგა საქართველომ და რომელიც დაგეგმილია, რათა ევროკომისიის 12 პუნქტი შესრულდეს დაპირებულ ვადებში და იმ ლოგიკით, რომელიც ჩადებულია რეკომენდაციებში. ვისაუბრეთ მომავალ აქტივობებზეც. რაც ყველაზე მთავარია დოკუმენტი, რომელიც დღეს გავუზიარეთ ელჩს და პარალელურად გაიგზავნა ბრიუსელში, მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ანგარიში 2023 წლის 18 აპრილს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 66-ე სხდომის ფარგლებში დამტკიცდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში დღეს გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა.