გაჩნდა შიში და ერთგვარი პანიკა ჩვენს ოპონენტთა რიგებში, რომ თუ ისინი ახლა ხელოვნურად არ შექმნიან დაძაბულობას, არ მოიგონებენ ტყუილებს, მაშინ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაც, შუალედურის მსგავსი იქნება - ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

გაჩნდა შიში და ერთგვარი პანიკა ჩვენს ოპონენტთა რიგებში, რომ თუ ისინი ახლა ხელოვნურად არ შექმნიან დაძაბულობას, არ მოიგონებენ ტყუილებს, მაშინ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაც, შუალედურის მსგავსი იქნება. შესაბამისად, მათ მცდელობას, რომ 27 ოქტომბერს, ქუჩაში გამოვიდნენ, საფუძველი გამოეცლება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედის კვირა“.

იგი ეუთო/ოდირის შუალედურმა დასკვნას გამოეხმაურა და მასზე ოპონენტების რეაგირება შეაფასა.

„გაჩნდა შიში და ერთგვარი პანიკა ჩვენს ოპონენტთა რიგებში, რომ თუ ისინი ახლა ხელოვნურად არ შექმნიან დაძაბულობას, არ მოიგონებენ ტყუილებს, არ ატეხენ ისტერიკას, რომ ასე ყველაფერი მშვიდობიანად არ მიდის, როგორც რეალობაა და რაღაც ფეიკ ნიუსებს არ შექმნიან, მაშინ საბოლოო დასკვნაც ასეთივე იქნება. შესაბამისად, მათ მცდელობას, რომ 27 ოქტომბერს, ქუჩაში გამოვიდნენ და იძახონ, არჩევნები არ იყო სამართლიანი, ამ ყველაფერს საფუძველი გამოეცლება“, - აღნიშნა სამხარაძემ.

იგი ასევე დასავლეთის ზოგიერთი ლიდერის მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, მათ ვერ გაიცნეს ქართველი ხალხი და არ იციან ჩვენი ისტორია და არ იციან, რისთვის ვიბრძოდით ჩვენ ამდენი ხანი. ჩვენ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გვინდოდა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის - ზუსტად ამ ორი სიტყვის სრული და ფართო გაგებით და არა იმისთვის, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა გვითხრას, ვინ უნდა ავირჩიოთ და ვინ - არა. ამას ჩვენ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ. საკმარისად განათლებულებიც ვართ, საკმარისად ნაკითხებიც ვართ, ერუდირებულიც და არა მხოლოდ მსოფლიო პოლიტიკასა და გეოპოლიტიკაში, არამედ ადგილობრივ პოლიტიკაშიც ყველაზე უკეთ ვერკვევით“, - განაცხადა სამხარაძემ.